მსოფლიოს უდიდესი „საოჯახო ბიზნესი“

საქვეყნოდ ცნობილი და წამყვანი კომპანიების უკან ხშირად ერთი ოჯახი დგას. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ კომპანიის წარმატებას სწორედ ოჯახური ერთიანობა განაპირობებს.

სტატისტიკის ონლაინ პორტალი statista.com გთავაზობთ მსოფლიოს უდიდესი კომპანიების ათეულს, რომელთაც სათავეში ესა თუ ის ოჯახი უდგას.

უდიდესი საოჯახო ბიზნესის ტოპ-ათეულში ოთხი ამერიკული კომპანიაა, დანარჩენი პოზიციები კი გერმანულ, შვეიცარულ, ბრიტანულ, რუსულ და ტაივანურ ოჯახებს ეკუთვნით. ათეულის სათავეში მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო კომპანია „ვოლმარტის“ მმართველი სემ უოლტონის ოჯახია, რომელმაც ეს კომპანია 1962 წელს დააფუძნა. გასული წლის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალი 476 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

„ვოლმარტის“ კაპიტალი ჩამონათვალში ბევრად აღემატება მის უახლოეს მდევარს გერმანულ „ფოლქსვაგენს“, რომელსაც პორშესა და პიეხების ოჯახი ფლობს. გერმანული გიგანტის კაპიტალბრუნვამ 2014 წელს 262 მილიარდი დოლარი შეადგინა. სამეულს ასრულებს ანგლო-შვეიცარული სავაჭრო კომპანია „გლენქორი“, რომელიც მარკ რიჩმა დააარსა და მისმა ბრუნვამ გასულ წელს 233 მილიარდ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება რეიტინგის სხვა წევრებს, მეოთხე ადგილზეა „სამსუნგი“ - ლი ბენჩჰოლის მიერ დაარსებულ კომპანიას ამჯერად მისი შთამომავლები მართავენ. მეხუთეზეა „ფილიპსების“ ოჯახი, რომელიც განკარგავს წარმატებულ ჰოლანდიურ კომპანიას „ფილიპსი“, შემდეგ მოდიან „ექსორი“ იტალიური ანჯელის ოჯახით სათავეში, „ფორდი“ - რა თქმა უნდა, ჰენრი ფორდის შთამომავლებით, „ლუკოილი“ აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის ვაგით ალეკპეროვით სათავეში, ფარმაცევტული „მაკ’კესონი“ ამავე გვარის ოჯახით მმართველობაში და ტაივანური „ფოქსკონი“, რომლის დამფუძნებელი და მმართველი ტერი გოუ გახლავთ. ეს კომპანია ამჯერად აწარმოებს ისეთ ცნობილ ტექნიკას, როგორიცაა BlackBerry, iPad, iPhone, Kindle, PlayStation 4 და Xbox One.

კოკა კვირკველია