საქართველოს მოქალაქეები ირანში ჩასვლისას 30-დღიანი ვიზის მიღებას აეროპორტებში შეძლებენ

ამიერიდან საქართველოს მოქალაქეები ირანში ჩასვლისას, აეროპორტებში 30-დღიანი ვიზის მიღებას შეძლებენ. ამის შესახებ ირანული მედია იტყობინება. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სავიზო რეჟიმის გამარტივების ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეები 30-დღიანი ვიზის გახანგრძლივებას დამატებით 15 დღით შეძლებენ. აქამდე მოქმედი წესით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მხოლოდ 2-კვირიანი ვიზის მიღება შეეძლოთ.

საქართველოსთან ერთად, სავიზო რეჟიმის გამარტივებული პროცედურით კიდევ რამდენიმე ათეული ქვეყნის მოქალაქე ისარგებლებს. მათ შორისაა აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუსეთი, დასავლეთისა და აზიის რეგიონის ქვეყნები, ასევე პალესტინა, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა, ინდოეთი და ბრაზილია. ახალი წესები არ შეეხება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, იორდანიის, ერაყის, ბანგლადეშის, ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქეებს. მათ ვიზის მიღება კვლავ ირანის დიპლომატიურ უწყებებში მოუწევთ. ახალი სავიზო რეგულაციები ასევე არ ეხება დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს, ასევე ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს.

ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ სურთ ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკაში, არსებული 5-6-დან 10 პროცენტამდე გაზარდონ. 2013 წელს ირანს 5 მილიონამდე ტურისტი ეწვია. მათი უმრავლესობა ინდოეთის, აზერბაიჯანის, ქუვეითის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქე იყო.