Vimpelcom საქართველოში კუთვნილი ანძების გაყიდვას არ გამორიცხავს

რუსული კომპანია Vimpelcom საქართველოში კუთვნილი ანძების გაყიდვას არ გამორიცხავს.

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, კომპანია ანძების გაყიდვას რუსეთში, სომხეთში, ყირგიზეთში, უკრაინასა და უზბეკეთშიც გეგმავს. გაყიდვების საკითხზე Vimpelcom კონსულტაციებს UBS-ისა და Merrill Lynch-ის ბანკებთან, ასევე კომპანია TAP Advisors-თან გადის. ეს უკანასკნელი შესაძლოა, ინვესტორიც გახდეს.

რუსეთში, Vimpelcom-ის მფლობელობაში არსებული ანძების ღირებულება დაახლოებით 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომპანია რუსეთში 10-11 ათასი ანძის გაყიდვას გეგმავს. Vimpelcom-ში კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

Vimpelcom სატელეკომუნიკაციო მომსახურების გლობალური პროვაიდერია, რომელიც „ბილაინს“, „კიევსტარს“ და რამდენიმე ათეულ კომპანიას აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით.