საქართველოში სამსახურის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა

საქართველოში ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა, სამსახურის მაძიებელთა რიცხვი კი გაიზარდა. 

როგორც დასაქმების სააგენტოებში ამბობენ, სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. თავისუფალი ადგილებისა და ხელფასების რაოდენობა კი პრაქტიკულად განახევრდა.

hr.ge-ის მენეჯერის ინგა შახბაზიანის თქმით, მათ საიტზე მომხმარებელთა ყოველდღიური რაოდენობა 14 000-დან 16 ათასამდე გაიზარდა.

”სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობას ვადგენთ შემომსვლელთა რაოდენობიდან გამომდინარე. ჩვენს საიტს ყოველდრიურად 14 000-მდე შემომსვლელი ჰყავდა, ბოლო პერიოდში ეს რიცხვი 16 000-მდე გაიზარდა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენს საიტზე ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. გასათვალისწინებელია, რომ ვაკანსიების 5% ტრენინგებს უკავია, რომელიც დასაქმებას არ ითვალისწინებს. ერთსა და იმავე პოზიციაზე რეზიუმეს 8000-მდე მსურველი აგზავნის, მათგან კი მხოლოდ 5-6 მსურველს უკავშირდებიან”, - გვითხრა  ინგა შახბაზიანმა.

დასაქმების სააგენტოებში ასევე ამბობენ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებზე ხელფასების რაოდენობა შემცირდა.

”დამსაქმებლები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები თანხა გადაუხადონ დასაქმებულებს. თუ ადრე კომპანია წერდა, რომ ერთ გამოცხადებულ ვაკანსიაზე ანაზღაურება 1000 ლარი იქნებოდა, ეს თანხა 600-700 ლარამდე შემცირდა", - ამბობენ დასაქმების სააგენტოებში. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრობის დონე მცირდება. 2012 წელს უმუშევრობის დონე 15%-ს შეადგენდა, 2013 წელს - 14,6%-ს, ხოლო 2014 წელს 12.4%-მდე შემცირდა. ამის მიუხედავად, დასაქმების სააგენტოებში დასაქმების მსურველთა რიცხვი იზრდება.

თიკო გურაშვილი