ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

ივნისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში - დვირში, ტაძრისსა და საკირეში ინსფრასტრუქტურული სამუშაოები ერთი კვირის წინ დაიწყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ამჟამად, დაზიანებული საავტომობილო გზის 10 მონაკვეთის (უბნის) მოწესრიგება მიმდინარეობს. ინტენსიურად წარმოებს დამცავი გაბიონებისა და საყრდენი კედლების მოწყობისა და მშენებლობის პროცესი. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

გამგებლის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ ტენდერი გამოცხადდა სოფელ საკირეში ბეშკენაძეების სახლთან №2 მონაკვეთის სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისა და სოფელ ტაძრისში გადასასვლელი ხიდის მიმდებარედ გზის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული "კ-კომპანია" და "შარა-გზამშენი" ასრულებს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ცენტრალური ბიუჯეტიდან 500 000 ლარით ფინანსდება.