ალეკო ელისაშვილი პეკინის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობის აგებას აპროტესტებს

თბილისის საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პეკინის N23-ის მცხოვრებლებთან ერთად ბრიფინგი გამართა და პეკინის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის "საპოვნელას" შენობის ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აგება გააპროტესტა.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობა უკვე რამდენიმე თვეა აღნიშნულ ტერიტორიას იცავს და საბავშვო ბაღისა და მის მიმდებარედ არსებული სკვერის დანგრევის წინააღმდეგ გამოდის. საკრებულოს დეპუტატმა დედაქალაქის მერისგან ოფიციალური ინფორმაცია და ამასთან, აღნიშნული ტერიტორიისთვის რეკრიაციული ზონის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. ,,ჩემთვის უცნობია, თუ რა ბედი ელის ამ ტერიტორიას. ამიტომ, მე, როგორც საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დედაქალაქის მერისგან ოფიციალურ ინფორმაციას ვითხოვ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ბრიფინგს პეკინის ქუჩის მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც კომპანიისთვის "ელ ზურო" ადგილმონაცვლე ტერიტორიის გადაცემის დამადასტურებელი საბუთები და საბავშვო ბაღის "საპოვნელა" ფუნქციონირების აღდგენა მოითხოვეს.