"საქართველოს სალიზინგო კომპანიას" ახალი მმართველი გუნდი ჰყავს

"საქართველოს სალიზინგო კომპანიას" (GLC) ახალი მმართველი გუნდი ჰყავს. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" გენერალური დირექტორი ელდარ ახვლედიანი გახდა, რომელიც ამ პოზიციას 2015 წლიდან იკავებს. ელდარ ახვლედიანს საბანკო სფეროში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო 8 წელი ის "საქართველოს ბანკის" კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულებით უმსხვილეს ბიზნესსექტორებს ხელმძღვანელობდა. კომერციული დირექტორის პოზიციას გიორგი ჯღარკავა იკავებს, რომელიც საბანკო სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. 2010 წლიდან გიორგი ჯღარკავა "კორ სტანდარტ ბანკის" საკრედიტო, საცალო და კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა.

"საქართველოს სალიზინგო კომპანია" 2001 წელს დაარსდა და საქართველოში პირველმა შესთავაზა მომხმარებლებს ლიზინგი, როგორც ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული წყარო. GLC-ი "საქართველოს ბანკის" ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც დამწყებ, მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს თავაზობს მათზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. "საქართველოს სალიზინგო კომპანია" ორიენტირებულია ხანგრძლივი და საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე თავის პარტნიორებთან, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. კომპანია ემსახურება როგორც კორპორაციულ კლიენტებს, ასევე ფიზიკურ პირებს, რომელთა რიცხვიც მუდმივად მზარდია, რადგან ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის ყველა სფეროში: სატრანსპორტო და სამშენებლო ბიზნესი, სოფლის მეურნეობის სექტორი, სასოფლო სამეურნეო და სამთომოპოვება, ქარხნები და საწარმოები, სამედიცინო თუ ესთეტიკური აღჭურვილობის სფერო, რესტორნის, საცხობისა და სასტუმროს აღჭურვილობის სფერო, ენერგეტიკა, დისტრიბუცია, პოლიგრაფია და საცალო ვაჭრობა.