სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით კანონში ცვლილებები შედის

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღეს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, 2013 წელს ძალაში შესული კანონის თავდაპირველი მისია, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და ფუნქციონირების ძირითადი ნორმების დადგენა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნა და ქვეყანაში კოოპერატივების შექმნის წახალისება იყო, ფაქტობრივად შესრულებულია. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1000-ზე მეტ რეგისტრირებულ კოოპერატივს მიენიჭა.

კერესელიძის შეფასებით, თავდაპირველმა ლიბერალურმა მიდგომამ გაამართლა, თუმცა დღეს უკვე კანონში ცვლილებების შეტანის დრო დადგა, რათა კოოპერატივებში უფრო მეტად შეეწყოს ხელი სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, აუცილებელი გახდა რეალური კოოპერაციული მოწყობისათვის კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების რეგლამენტაცია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნა, რომელიც მიმართული იქნება წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე.  კერესელიძის განცხადებით, კანონმდებლობაში შემოდის სხვადასხვა ცნება, მათ შორის კოოპერატივის ასოცირებული წევრის, რაც კოოპერატივებს დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის საშუალებას მისცემს.

გარდა ამისა, ცვლილება მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ადმინისტრირების მოქნილი მექანიზმის შესაქმნელად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას. კანონპროექტით წევრთა რეესტრის წარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად დაზღვევაც არის გათვალისწინებული.