დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საბაჟო წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, გალუსტ მარგარიანი დააკავა.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სადახლოს" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნივთები", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.