ქართულ ინტერნეტბიზნესში რუსული აჩრდილი გამოჩნდა

"კავკასუს ონლაინის" მყიდველთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, კომპანიასთან შერწყმის სურვილი რუსულ "ვიმპელკომსაც" გაუჩნდა. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, რუსული კომპანია მარეგულირებელ კომისიაში განცხადების შეტანას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ჯერჯერობით არც "კავკასუს ონლაინში" და არც "ვიმპელკომის" სათავო ოფისში კომენტარს არ აკეთებენ, მარეგულირებელში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, "მაგთიკომისა" და "სილქნეტის" გარდა, განაცხადი არც ერთ კომპანიას არ შეუტანია.

"კავკასუს ონლაინის" საკითხის განხილვის პარალელურად, მარეგულირებელ კომისიაში განაცხადის შეტანას კომპანიის დამფუძნებელი მამია სანადირაძეც გეგმავს.

ამ შემთხვევაში ის "კავკასუსის" რომელიმე კომპანიასთან შერწყმის პროცესის შეჩერებას მოითხოვს. "კომპანიის დამფუძნებელს სასამართლო დავა არ შეუწყვეტია. ვაპირებთ, მარეგულირებელში შევიტანოთ განცხადება, რათა არ მოხდეს "კავკასუს ონლაინის" რომელიმე კომპანიასთან გაერთიანება", - განუცხადა "რეზონანსს" სანადირაძის ადვოკატმა ციცინო დევრისაშვილმა.

კომუნიკაციის ეროვნულმა კომისიამ, ერთი მხრივ, "სილქნეტისა" და "კავკასუსის", მეორე მხრივ კი "მაგთიკომისა" და "კავკასუსის" შერწყმასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება აგვისტოში დაიწყო.

მაშინ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ამბობდნენ, რომ სამივე მათგანი ("მაგთიკომი", "სილქნეტი"  და "კავკასუს ონლაინი") წარმოადგენდა მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე კომპანიას და ამიტომაც დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. "დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კვლევა-ანალიზის ჩატარების თაობაზე. შესწავლილი იქნება დეტალურად, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს კომპანიების გაერთიანებამ ბაზარზე, როგორც კონკურენციის შეზღუდვის მიზნით, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამით კომისია ვალდებულია, შეინარჩუნოს ბაზარზე კონკურენტული პირობები და უზრუნველყოს თანაბარი გარემო ყველა მოთამაშისთვის. "სილქნეტიც" და "კავკასუსიც" უკვე წარმოადგენენ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიებს. მათ უკვე აქვთ დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები", - განუცხადეს მაშინ "რეზონანსს" მარეგულირებელ კომისიაში.

კომისიის 11 აგვისტოს სხდომაზე ვადად განისაზღვრა სამი თვე და სხდომა 2015 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დღეს საქმეზე მხოლოდ ზეპირი მოსმენა გაიმართება, გადაწყვეტილებას კი კომისია მოგვიანებით მიიღებს.

"სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ "კავკასუს ონლაინის" ყიდვის, უფრო ზუსტად კი შერწყმის, სურვილი რუსულმა "ვიმპელკომმაც" გამოთქვა. "რეზონანსის" წყაროს ინფორმაციით, "კავკასუსი" და "ვიმპელკომი" კომისიაში განაცხადის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "რეზონანსი" "ვიმპელკომის" სათავო ოფისს დაუკავშირდა. კომპანიაში ქართულ პროვაიდერთან შესაძლო შერწყმის სურვილზე კომენტარი არ გააკეთეს. ამ ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავეს "კავკასუს ონლაინშიც". ჯერჯერობით განცხადება არ შესულა არც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში, თუმცა, როგორც მარეგულირებელში გვითხრეს, ვიდრე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, განაცხადის შეტანა ყველას შეუძლია, რა თქმა უნდა, "კავკასუსთან" ერთად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "კავკასუსის" კუთვნილი ინტერნეტკაბელის შეძენით აზერბაიჯანული კომპანია "აზერონლაინია" დაინტერესებული. 1200-კილომეტრიანი კაბელი, რომლითაც საქართველო ინტერნეტს ევროპიდან იღებს და შემდეგ აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აწვდის, პოლიტიკურად დაინტერესებული მხარის ხელში, შესაძლოა, საინფორმაციო ნაკადებზე კონტროლის მძლავრი მექანიზმი გახდეს.

აღნიშნული კაბელი შავი ზღვის ფსკერზე 2008 წელს ჩაიდო და ინტერნეტი უმოკლესი გზით, პირდაპირ ევროპიდან მიეწოდება.

ამ კაბელით "კავკასუს ონლაინი" სომხეთში ინტერნეტის მიწოდების 85%-ს, აზერბაიჯანში - 50%-ს, საქართველოში კი 55%-ს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შეძენით აზერბაიჯანული მხარე ჯერ კიდევ 2007 წელს იყო დაინტერესებული, როცა შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანა მხოლოდ იწყებოდა.

სანადირაძე დათმობას არ აპირებს

ვინ ჩაიგდებს "კავკასუს ონლაინის" სიმდიდრეს ხელში, მოგვიანებით გაირკვევა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ 28 ოქტომბერს მხოლოდ ზეპირი მოსმენა გაიმართება და კომისია გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს. ვიდრე კომპანიები "კავკასუსის" ხელში ჩაგდებისთვის ომობენ, "კავკასუს ონლაინის" დამფუძნებელი მამია სანადირაძე საკუთარი ქონების დაბრუნებისთვის სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. როგორც მისი ადვოკატი ციცინო დევრისაშვილი აცხადებს, ისინი უახლოეს დღეებში კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში განცხადების შეტანასაც გეგმავენ. "მამია სანადირაძეს არაერთხელ უთქვამს, რომ აპირებს, იბრძოლოს წართმეული ქონების დაბრუნებისთვის. ახლაც ამაზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. ვერც ერთი შემძენი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვერ გახდება კეთილსინდისიერი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ეს დავა მიმდინარეობს. ჩვენ გავამზადეთ წერილი და ვაპირებთ, მარეგულირებელ კომისიაში შევიტანოთ. ამით კომისიას მივმართავთ, რომ არ მოხდეს "კავკასუს ონლაინის" რომელიმე კომპანიასთან გაერთიანება, რადგან ჩვენ დავა არ შეგვიწყვეტია," - განუცხადა "რეზონანსს" დევრისაშვილმა.

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი "კავკასუს ონლაინის" გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანიამ მეტი ტრანსფარენტულობა უნდა გამოიჩინოს. რადგანაც საზოგადოების ინტერესი ამ კომპანიის მიმართ და მით უფრო, რუსული ბიზნესის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდია, საჭიროა, არსებულ კითხვებს პასუხი გაეცეს. "ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კომპანიები არიან გადაწყობის პროცესში, შეცვალეს ფასები, პროდუქტები, ზოგს შეექმნა კრიზისული ვითარება, ამიტომ ისინი ცდილობენ, გაასხვისონ წილი, ზოგი ცდილობს, ინვესტორები შემოიყვანოს და ა.შ. ამ კომპანიების მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია, ამიტომ საჭიროა ხალხის ჩართვა და მათი ინტერესების გათვალისწინება. რაც შეეხება რუსულ "ვიმპელკომს", თუ მოხდება სწორი კომუნიკაცია (თუ კარგად იქნება ახსნილი, ამა თუ იმ კომპანიის მართვაში რატომ შედის სხვა კომპანია, რატომ ერთიანდება და რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი), მაშინ ამაზე საზოგადოების რეაქცია არ იქნება განსაკუთრებით კრიტიკული. იმ შემთხვევაში, თუკი ეს თემა მიებმება ბოლოდროინდელ აჟიოტაჟს, რომ შემოდის რუსული კომპანია, რომელიც გაატარებს რუსულ კურსს, ამას საზოგადოება უარყოფითად აღიქვამს. მოკლედ, მთლიანად კომპანიაზეა დამოკიდებული, როგორ წაიყვანს საკომუნიკაციო პროცესს. თუ არ გასცეს ინფორმაცია, როგორც ახლა აკეთებენ, მაშინ მიიღებენ უარყოფით დამოკიდებულებას, მაგრამ თუ კარგად აუხსნიან ხალხს და სწორი კომუნიკაცია იქნება, გაიმარტივებენ საქმიანობას. როგორც არ უნდა იყოს, რუსული კომპანიის შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით მაინც იქნება ეჭვი და ამას პოლიტიკოსებიც და სხვა ჯგუფებიც კომპანიის საწინააღმდეგოდ ყოველთვის გამოიყენებენ", - განუცხადა "რეზონანსს" პირმისაშვილმა.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"