დიმიტრი ქუმსიშვილი: გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ქვეყანაში ინვესტიციები წახალისებული იყოს

ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რომელმაც დღეს სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

კითხვაზე, რამდენად მიმზიდველია ინვესტორებისთვის დღეს არსებული გარემო, მინისტრმა აღნიშნა, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ის რეიტინგები, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე ის აღქმა, რომელიც დღესდღეობით ინვესტორებს გააჩნიათ. "ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული, იყოს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია და ინვესტორებმა ქვეყანაში იგრძნონ თავი ძალიან კომფორტულად, არა მარტო ქვეყნის გარედან შემოსულმა ინვესტორებმა, არამედ ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა, რომლებსაც სურთ და აკეთებენ ბიზნესს საქართველოში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.