ბიზნესის რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა "ვითიბი ბანკშიც" შეეძლებათ

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა 1 ნოემბრიდან უკვე "ვითიბი" ბანკშიც შეეძლებათ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საჯარო რეესტრში ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს საჯარო რეესტრიდან ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურება ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60% საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს.

ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა სჭირდებოდა. 2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

ამ დროისთვის მომსახურების მიღება თითქმის ყველა წამყვან ქართულ ბანკში - "საქართველოს ბანკში", "თიბისი ბანკში", "ქართუ ბანკსა" და "ლიბერთი ბანკშია" შესაძლებელი.