"თელასმა" 2015 წლის 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

კომპანია "თელასმა" 2015 წლის ცხრა თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. როგორც კომპანიაში აცხადებენ , 2015 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანია "თელასმა" 1 მილიარდ 780,2 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 8,5% (139,4 მლნ. კვტ/სთ-ით) აღემატება 2014 წლის ცხრა თვის მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 640,8 მილიონი კვტ/სთ).  ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.  მათივე ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 2015 წლის იგივე პერიოდში 8,8%-ით (137,3 მლნ. კვტ/სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 689,3 მილიონი კვტ/სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ და დანაკარგების შემცირებამ განაპირობა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2015 წლის ცხრა თვეში 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,2%-ით (17,2 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 553,9 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 501,7 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 52,2 ათასი – იურიდიური პირი.  მათივე ინფორმაციით, 2015 წლის ცხრა თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 774 კმ შეადგინა, რაც 5,6%-ით (255 კმ-ით) აღემატება 2014 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 519 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.