იტალიურმა კომპანიამ ექსპორტის წახალისების სააგენტოსთან დაკავშირებით პირველი დონის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

ექსპორტის წახალისების სააგენტოსთან დაკავშირებით იტალიურმა კომპანიამ პირველი დონის დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაასრულა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება იტალიურ კომპანია "საჩეს", რომელიც ამ მიზნით რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, მინისტრმა აღნიშნა, რომ მან პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. "ჩვენ გვაქვს პირველი დონის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, არის შესაქმნელი მეორე დონის დოკუმენტი, სადაც ჩამოყალიბებული იქნება ორგანიზაციული სტრუქტურა, იქნება იმ მნიშვნელოვან ქმედებათა ჩამონათვალი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ექსპორტის წახალისებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.