მერია ღვინის აღმართის რეაბილიტაციას ახორციელებს

დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობებს რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. მათივე ინფორმაციით, კეთილმოეწყობა შიდა ეზოები და მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა - თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა უკვე დაასრულა ღვინის აღმართზე არსებული ქვაფენილის დემონტაჟი და ამჟამად ბაზალტის ახალი ქვაფენილის დაგება მიმდინარეობს. პროექტი, როგორც საავტომობილო გზის, ასევე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 200 მ2-ს მოიცავს.

"ღვინის აღმართის რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მოეწყობა როგორც გზა, ასევე რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს. ძალიან მალე ღვინის აღმართი კიდევ უფრო საინტერესო გახდება ტურისტებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის კი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება", - განაცხადა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ.

ღვინის აღმართზე მდებარე შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დეკემბრის ბოლოს, ნაწილი კი 2016 წლის მარტში დასრულდება. გზის სავალი ნაწილი სრულ ექსპლუატაციაში თვის ბოლოს შევა.