ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე საჯარო დისკუსია გახსნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსმა, ეკატერინე გუნცაძემ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე საჯარო დისკუსია გახსნა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის თქმით, საბიუჯეტო პროცესის გამჭირვალობის თვალსაზრისით, ამგვარი საჯარო განხილვების ორგანიზება მნიშვნელოვანია, რადგან იგი საშუალებას იძლევა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და არასამთავრობო სექტორმა ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და წინადადებები. "2016 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა სხვადასხვა ფორმატში მიმდინარეობს და ამ კუთხით IDFI-ის ორგანიზებული დღევანდელი დისკუსიაც მნიშვნელოვანია. ფინანსთა სამინისტრო მიესალმება ამგვარ განხილვებს და იმედოვნებს, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება," - განაცხადა ეკატერინე გუნცაძემ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.