დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სამინისტროს სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის წარდგენა ოქროყანაში, ტექნოლოგიური პარკის შენობაში გაიმართა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი წარმატება იყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა. "მნიშვნელოვანი წარმატება, რომელსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, რა თქმა უნდა, იყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელიც 2014 წელის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში. ეს არის დამატებით 500 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი, რომელმაც შექმნა მოთხოვნა. ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ სამუშაო ადგილები. კერძო სექტორის მიერ ბოლო წლების განმავლობაში დამატებით შექმნილი 60 000 სამუშაო ადგილი არის დადასტურება იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესის მიმართულებით არის ძალიან მიმზიდველი გარემო", - განუცხადა ქუსიმშვილმა ჟურნალისტებს ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

მისივე თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დაიწყება. "სექტემბრის დასაწყისში, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩინეთში, ორი პრემიერ-მინისტრი შეთანხმდა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნები დაიწყებენ მოლაპარაკებას უკვე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ჩვენ აღნიშნულს დავიწყებთ ნოემბრის შუა რიცხვებში", - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ ჩინეთის მხრიდან ამ პროცესში ჩაერთვება ჩინეთის კომერციის სამინისტრო, ხოლო საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მინისტრმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ქვეყანაში მილიარდ 750 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა.  "წელსაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ციფრები. პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა 530 მლნ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ძირითადი ამოცანა არის სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდა. "ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ტრადიციული მიმართულებები ისეთი, როგორიცაა ტურიზმი, სადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმატებები. შარშანდელი წელი დავხურეთ 5 500 000 საერთაშორისო ვიზიტორით. ჩვენ წელს ველოდებით 6 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს. ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, მას შემოაქვს მილიარდ 800 მლნ დოლარის შემოსავალი და ის ქმნის არაერთ სამუშაო ადგილს. ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ის რეიტინგები, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე ის აღქმა, რომელიც დღესდღეობით ინვესტორებს გააჩნიათ.  "ჩვენ საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში ინვესტიციები იყოს წახალისებული, იყოს რაც შეიძლება ნაკლები რეგულაცია და ინვესტორებმა ქვეყანაში იგრძნონ თავი ძალიან კომფორტულად, არა მარტო ქვეყნის გარედან შემოსულმა ინვესტორებმა, არამედ ადგილობრივმა მეწარმეებმა, ბიზნესმენებმა, რომლებსაც სურთ და აკეთებენ ბიზნესს საქართველოში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ანგარიშის პრეზენტაციას ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.