"საქართველოს რკინიგზისათვის" SAP-ის პროგრამული უზრუნველყოფა ფასდაკლებით განხორციელდება

"საქართველოს რკინიგზისათვის" SAP-ის პროგრამული უზრუნველყოფა ფასდაკლებით განხორციელდება. პროექტის პრეზენტაციას "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი, მამუკა ბახტაძე, ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტიტვინიძე და კომპანია Soft-Rating Georgia-ს წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა, SAP-ის დანერგვა "საქართველოს რკინიგზის" აღრიცხვიანობის გამჭვირვალობის და დაგეგმვის ხარისხის ამაღლებას, ხარჯების ოპტიმიზაციას და შემოსავლების გაზრდას შეუწყობს ხელს. "SAP-ის პროგრამული გადაწყვეტილებები წარმოადგენს გლობალურ სისტემას. ის არის მსოფლიო ლიდერი ინფორმაციული ტექნოლოგიის წარმოებაში. SAP მსხვილ საწარმოებში საწარმოო პროცესების უკეთ მართვისა და დაგეგმისათვის, ასევე რესურსების განაწილების და კადრების უკეთესი მომსახურებისთვის გამოიყენება. "საქართველოს რკინიგზა" აღმოსავლეთ ევროპაში პირველი კომპანიაა, რომელიც SAP-ის უახლეს გადაწყვეტილებას დანერგავს. ჩვენ გაგვიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ SAP-მა 70 პროცენტიანი ფასდათმობით შემოგვთავაზა თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია. ჩვენ პროგრამულ უზრუნველყოფაში მილიონი ევრო გადავიხადეთ, მისი დანერგვა დაგვიჯდება 2 მილიონი დოლარის ფარგლებში. პროგრამის დანერგვიდან ველოდებით მნიშვნელოვან შედეგებს, რაც გამოიხატება საოპერაციო ხარჯების შემცირებაში, ასევე მარაგების შემცირებასა და საკადრო რესურსების ზრდა-განვითარებაში. ასევე შემცირდება მოძრავი შემადგენლობის რემონტის ხარჯები დაახლოებით 18 პროცენტით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.