კახა კალაძემ და "სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ საგარეჯოში გაზსადენები გახსნეს

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანული კომპანიის "სოკარ ჯორჯია გაზის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ანტონ სამსონიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თოხლიაურსა და ბადიაურში ახლად აშენებული გაზსადენები გახსნეს.

ენერგეტიკის მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა ორივე სოფლის ცენტრში ჩირაღდანი აანთეს. გარდა ამისა, მინისტრმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში პატარა ჩაილური და მზისგული ახლად აშენებული გაზსადენები დაათვალიერა და ოჯახებში გაზქურა აანთო. ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების პროცესში დაახლოებით 4 000-მდე ახალი აბონენტი გაზიფიცირდა, რომელთაც საშუალება ექნებათ ბუნებრივი აირით ისარგებლონ და მიხარია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2017 წლის ბოლოსთვის სრულიად საქართველოს მასშტაბით დავასრულებთ გაზიფიცირების სამუშაოებს. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს, ოჯახს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ისარგებლოს ბუნებრივი აირით, ელექტროენერგიით, წყლით. ეს არის ის მინიმალური პირობები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ და ეს წლების განმავლობაში პრობლემა იყო. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება ისარგებლოს გრძელვადიანი განვადებით; თქვენ იცით, რომ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ" ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შეამცირა და ასევე, მოსახლეობას აქვს საშუალება განაცხადი გააკეთოს და 400 ლარის გადახდის შემთხვევაში, გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით ისარგებლოს. ყოველთვიურად მოუწევს 25 ლარის გადახდა, რომელსაც ბუნებრივი აირის მოხმარების საფასური დაემატება. ვფიქრობ, დღევანდელი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეღავათი", - განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა" სოფელ თოხლიაურში 24,3 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 510 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. სოფელ ბადიაურის მიმართულებით, 65,8 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა, რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 618 პოტენციურ აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.  სოფლების პატარა ჩაილური და მზისგული გაზიფიცირებისთვის აშენდა 17 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა ამ სოფლებში მცხოვრებ 666 ოჯახს მიეცა. დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოთხივე ახლად გაზიფიცირებულ სოფელში მცხოვრები 1 167 აბონენტი უკვე უზრუნველყოფილია ბუნებრივი გაზით. დღეისათვის საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აშენებულია 226 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი და გაზიფიცირებულია 5 300 აბონენტი. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" 11 331 აქტიურ აბონენტს ემსახურება.

კახეთის რეგიონში 1 088 კმ გაზსადენის მშენებლობის შედეგად, 35 132 აბონენტია გაზიფიცირებული. დღეისათვის რეგიონში 62 152 აქტიური აბონენტია რეგისტრირებული. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზმა", მთელი საქართველოს მასშტაბით, 5 150 კმ სიგრძის გაზსადენი ააშენა და ბუნებრივი გაზით 207 989 აბონენტი უზრუნველყო. შეგახსენებთ: ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.