გია ვოლსკი: წართმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით ბიზნესმენებს ხელისუფლების მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვთ

სამართლიანობის აღდგენის პროცესი, განსაკუთრებით წართმეული ქონების დაბრუნების ნაწილში, იმ ინტენსიობით არ მიდის, როგორც ამას საზოგადოება ითხოვს, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საუბრობს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით უამრავ ადამიანს, მათ შორის ბიზნესმენებს, ხელისუფლების მიმართ სერიოზული პრეტენზიები აქვთ.  "სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ბევრი ადამიანი გამოთქვამს. უფრო მეტიც, ზოგიერთმა პოლიტიკურმა პარტიამ დამატებითი დივიდენდები მიიღო იმით, რომ მუდმივად აღუსრულებელ სამართლიანობაზე საუბრობს და პოლიტიკური შემოსავალი აქედან აქვს. პროცესებს უამრავი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი აკვირდება და საკმაოდ სერიოზული პრეტენზიები აქვთ ხელისუფლების მიმართ. სამართლიანობის აღდგენის პროცესი, განსაკუთრებით ქონების დაბრუნების ნაწილში, იმ ინტენსიობით არ მიდის, როგორც ამას საზოგადოება ითხოვს. საკმარისია სასამართლომ გაითვალისწინოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მითითება, ეს მეორე მხარის ძალიან დიდი უკმაყოფილებას წარმოშობს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში შეუძლებელია ადამიანმა უკანონოდ წართმეული ქონება დაიბრუნოს", - აცხადებს გია ვოლსკი.