მომავლის სასტუმროები (+ფოტო)

გიოცნებიათ ოდესმე წყალქვეშ ძილზე, ან ისეთ საწოლზე, რომელიც კრისტალურად სუფთა წყლის ზედაპირზე იტივტივებს?

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში არაერთი თვალისმომჭრელი კონცეპტუალური სასტუმროს ნახვა შეიძლება,  CNN-მა მომავლის მხოლოდ 9 სასტუმრო შეარჩია, რომლებიც უახლოეს მომავალში კარს გაუღებს ვიზიტორებს.

მომავლის სასტუმროების ჩამონათვალში ჩინეთში, დუბაიში, ნორვეგიაში, ფიჯიზე, ტაილანდსა და აზერბაიჯანში მდებარე სასტუმროები მოხვდნენ. მცურავი სასტუმროს ლოკაცია კი ჯერჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

1. Shimao Wonderland Intercontinental (ჩინეთი) - ეს არის სასტუმრო კომპლექსი, რომელზეც ბოლო დეკადის მანძილზე ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ. ის შანხაის გარეუბანში მდებარე ქვაბულში აშენდება და იქნება არა ცათამბჯენი, არამედ - „მიწათმბჯენი“. სასტუმროს გახსნა 2017 წელს იგეგმება. შენობის ვარდნის სიმაღლე 90 მეტრია, ხოლო რესტორანი სულაც წყალქვეშ მდებარეობს.

2. Poseidon Underwater Resort (ფიჯი) - ეს არის სასტუმრო, რომელიც წყლის ქვეშ შენდება. სასტუმრო, რომლის მსგავსის აშენებაც მანამდე მხოლოდ ფანტაზია იყო, რეალობად დაახლოებით ორ წელიწადში იქცევა. „პოსეიდონის“ მშენებლობა ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. 24 წყალქვეშა ნომრის გარდა, სასტუმროში სპა, ბარი, რესტორანი და წვეულებათა დარბაზი იქნება.

3. Keemala Resort (ტაილანდი) – „ვარსკვლავური ომების“ სოფელი ევოკი რეალობად იქცა - ბუნებაში გაშენებული ამ სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება და მხოლოდ ძალიან მდიდარ ადამიანებზე იქნება გათვლილი.

4. Lofoten Opera Hotel (ნორვეგია) - სასტუმრო ლამაზი კლდეებითაა გარშემორტყმული. გველისებრი არქიტექტურის ნაგებობა ნორვეგიის ჩრდილოეთში მდებარეობს. სასტუმროს გახსნა მიმდინარე წელს იგეგმებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი ცნობილი არაა.

5. Hotel Crescent (აზერბაიჯანი) - კასპიის ზღვიდან აზიდული ნახევარმთვარე თანამედროვე არქიტექტურის შედევრად სულ მალე იქცევა. ნავთობით მდიდარი აზერბაიჯანის დედაქალაქში მშენებარე სასტუმრო არა ხმელეთზე, არამედ ხელოვნურ კუნძულზე შენდება. სამხრეთ კორეელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული კომპლექსის გახსნა 2016 წელს არის დაგეგმილი.

6. Amillarah Private Islands (დუბაი) - დუბაი ბოლო რამდენიმე წელია არქიტექტურული „საოცრებებით“ გამოირჩევა და არც ეს სასტუმრო იქნება გამონაკლისი. ეს არის 33 ხელოვნურად შექმნილ, მოტივტივე კუნძულზე გაშენებული სასტუმრო კომპლექსი, რომელიც დუბაისთვის ავსტრალაზიის კომპენსირებას მოახდენს უნიკალური ბუნების წყალობით.

7. The Royal Atlantis (დუბაი) - წარმოიდგინეთ Lego-ს სათამაშოებისგან შექმნილი შვეიცარული ყველი - ასე აღწერენ სპეციალისტები დუბაის მორიგ არქიტექტურულ შედევრს, რომელიც შესაძლოა ამ ქალაქის სავიზიტო ბარათიც გახდეს. 1,4 მილიარდ დოლარად ღირებული სასტუმრო ხელოვნურ „პალმის კუნძულზე“ 2018 წელს გაიხსნება. სასტუმრო აღჭურვილი იქნება Givenchy-ს სპა სალონით, ასევე Gordon Ramsay-ის რესტორნით და 90-მეტრიანი აუზით სხვენზე, რომელიც კონკურენციას გაუწევს ცნობილ სინგაპურულ Marina Bay Sands.

8. Salt & Water floating hotel - თუ ამ სასტუმროში დასახლდებით, ხმაურიანი მეზობლები ვერ შეგაწუხებენ. კატამარანის კონცეფციის სასტუმრო პროექტი, რომელმაც 2015 წელს პრესტიჟული Millennium Yacht Design Award-ის ჯილდო მოიპოვა, სერბული დიზაინსტუდიის მიერ არის შექმნილი. Salt & Water სტუდიის დიზაინერებმა მცურავი სასტუმროს დიზაინი ტბებისთვის შექმნეს, თუმცა რეალობაში ჯერ ეს იდეა არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, არც მისი ადგილი და გახსნის თარიღია ცნობილი.

9. Dawang Mountain Resort (ჩინეთი) - კიდევ ერთი „საოცრება“ ჩინეთიდან, რომელიც სამთო კურორტ ჩანგშას მახლობლად შენდება. ის არაორდინალური არქიტექტურის მქონე ნაგებობა იქნება. სასტუმრო ორ კონტრასტულ გარემოს მოიცავს. ესენია ტბა ჩაძირული ბაღით ქვედა ნაწილში და მის თავზე აშენებული ნაგებობა, რომლის შიგნით ე.წ. „თოვლის ცენტრი“ განთავსდება. კომპლექსს დააკავშირებს 100 მეტრიანი თაუერი, სადაც სასტუმროს ნომრები განთავსდება. სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო.

კოკა კვირკველია

იხილეთ ფოტოგალერეა