საუდის არაბეთს გაკოტრება ემუქრება

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაცემის გამო, საუდის არაბეთმა ათობით მილიარდი დოლარი უკვე იზარალა. აღნიშნულმა სერიოზული ნეგატიური გავლენა იქონია ქვეყნის უცხოური ვალუტების რეზერვებზე. ექსპერტების მოსაზრებით, ფინანსური პრობლემები ხუთ წელს კიდევ შენარჩუნდება და თუ ნავთობის ფასმა არ მოიმატა, ქვეყანას გაკოტრება ემუქრება. კერძოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საუდის არაბეთის ფინანსური რეზერვები შესაძლოა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში გაქრეს.

სავალუტო ფონდის რეგიონალური დირექტორის, მასუდ აჰმედის განცხადებით, ნავთობის ექსპორტის შედეგად შემოსავლების შემცირებამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ეკონომიკას 2015 წელს 360 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მოუტანა. რაც შეეხება თავად საუდის არაბეთს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, წელს ბიუჯეტის დეფიციტმა ნავთობის ფასების დაცემის გამო 151 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გასულ წელთან შედარებით, წელს „შავი ოქროს“ ფასი 110 დოლარიდან 50 დოლარამდე შემცირდა. სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი 52 დოლარი იქნება. მომავალ წელს კი მცირეოდენი მატებაა მოსალოდნელი, კერძოდ, ერთი ბარელი ნავთობი 63 დოლარი ეღირება. ამ დროისათვის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 48,36 დოლარს შეადგენს.