რომელია საუკეთესო სამსახური მსოფლიოში?

დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ხშირად დასაქმებულს არ რჩება დრო სხვა აქტივობით დაკავდეს. ოფისში ხანგრძლივი დროის გატარების გამო, ვგრძნობთ, რომ ოჯახი და პირადი ცხოვრება, ასევე გართობაც ყურადღების მიღმა რჩება. საუკეთესო სამსახური კი ისაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დავაბალანსოთ ცხოვრება სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.

ვებგვერდმა Glassdoor.com გამოაქვეყნა იმ სამსახურების სია, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღნიშნული ბალანსი შევინარჩუნოთ. რეიტინგის შედგენისას გაითვალისწინეს ანაზღაურებაც. საუკეთესო სამსახურის თავში მოექცა მონაცემთა ანალიტიკოსი, აღნიშნულ პოზიციაზე შესაძლებელია საშუალოდ 114 808 დოლარის ოდენობის ანაზღაურების გამომუშავება. რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის მენეჯერის პოსტმა. ამ პოზიციაზე დასაქმებული საშუალოდ 45,700 დოლარს გამოიმუშავებს. ხუთეულში ასევე მოხვდა სოციალური მედიის მენეჯერი 40 000 დოლარის ოდენობის საშუალო ანაზღაურებით. საუკეთესო სამსახურების სიაში მოხვდა ასევე რისკების შემფასებელი, ვებ-დეველოპერი, მარკეტინგის სპეციალისტი, სამოქალაქო ინჟინერი, ვებ-ანალიტიკოსი, კონტენტ-მენეჯერი და სხვა.