ავტობუსი მძღოლის გარეშე, რომელიც  ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა

საბერძნეთის ქალაქი ტრიკალა პირველი ქალაქია ევროპაში, სადაც უპილოტო ავტობუსი მოძრაობს. ავტობუსი მძღოლის გარეშე ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. იდეის მიზანს ჩვეულებრივი სამგზავრო ავტობუსების ჩანაცვლება არ წარმოადგენს. იგი უბრალოდ სატრანსპორტო სერვისის მრავალფეროვნების მიზნით შექმნეს. უპილოტო ავტობუსი ფრანგულმა მწარმოებელმა „რობოსოფტმა“ შექმნა. ავტობუსი ხუთი მეტრის სიგრძის და 1.5 მეტრი სიგანისაა. მას ერთდროულად 10 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

ავტობუსი საათში 20 კილომეტრი სიჩქარით გადაადგილდება. მოდერნიზებული ტრანსპორტი GPS და ლაზერული საორიენტაციო სისტემითაა აღჭურვილი. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით ავტობუსი დაბრკოლებების წინასწარ დაფიქსირებას ახერხებს და შესაბამის მანევრს ასრულებს. ახალშექმნილი საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 ელემენტით მუშაობს და მას დამუხტვის გარეშე მოძრაობა გადაბმულად ორი საათი შეუძლია.