ირაკლი ღარიბაშვილი - თუ სოფელი არ დავაყენეთ ფეხზე, ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი

სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"თუ ჩვენ სოფელი არ დავაყენეთ ფეხზე, თუ რეგიონებს არ მივეცით განვითარების საშუალება, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ძლიერი. ის, რაც იყო ჩვენი დაპირება, მილიარდი ლარის ჩადება სოფლის მეურნეობაში, ეს არის შესრულებული. დღეის მდგომარებით, სხვადასხვა რეგიონში უკვე დაფინანსებულია 136 ახალი საწარმო. გარდა ამისა, ჩვენ 3 წელია აბსოლუტურად უფასოდ ვუმუშავებთ მოსახლეობას მიწას. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, მე პირადად მაქვს ნანახი ძალიან ბევრი სავარგული, რომელიც დაამუშავა მთავრობამ, მაგრამ ოჯახებმა აღარ მოუარეს, აღარ დათესეს. ჩვენ ამას უნდა გადავხედოთ, იმიტომ, რომ მხოლოდ მთავრობა ვერ გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს. ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა დავაყენიოთ ფეხზე სოფელი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მაგალითად კახეთი მოიყვანა და განმარტა, რომ მხოლოდ 3 წლის განმავლობაში, რთველის შედეგად კახეთის რეგიონში 300 მილიონი ლარი შევიდა. "ეს თანხა წავიდა ოჯახებში. გაძლიერდა ქართული სოფელი. მარტო მთავრობის დაფინანსებით, 20 ახალი ღვინის ქარხანა გაიხსნა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობის პრაგმატული, გონიერი პოლიტიკის შედეგად გახსნეს რუსეთის ბაზარი. "ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა, ჩვენ დავალაგეთ ის ქაოსი, ის დაძაბულობა, კონფლიქტი, რომელიც მუდამ ძაბავდა საქართველოს მოსახლეობას. სწორედ ეს არის ის სწორი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ თქვენთან ერთად სოფელი გავაძლიეროთ", - მიმართა ღარიბაშვილმა შეკრებილებს.