საქართველო-ჩინეთის რიგით მეორე გამოფენა საზეიმოდ გაიხსნა

"თბილისის ზღვის პლაზაში" საქართველო-ჩინეთის რიგით მეორე გამოფენა დღეს საზეიმოდ გაიხსნა. გამოფენის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, "საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარე დავით საგანელიძე, ასევე სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ნინო ჩიქოვანი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში იუე პინი, ჩინეთის საელჩოს მრჩეველი სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებში ლიუ ბო და სხვა პირები დაესწრნენ.

გამოფენაზე ძიანსის მხარის პროდუქცია არის წარმოდგენილი, მასში 110-მდე ჩინური კომპანია მონაწილეობს და გამოფენილია ფაიფური და ტექსტილი. გამოფენის ოფიციალური ნაწილის შემდეგ დავით საგანელიძემ ჩინეთის ელჩთან საქართველოს იუე პინთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი ნაკეთობები დაათვალიერა.  გამოფენის ფარგლებში ასევე ჩინეთის ძიანცის მხარესა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ ნინო ჩიქოვანმა განაცხადა, გამოფენა ძიანცის მხარის მიერ ჩინეთის საელჩოსა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით იმართება. მისივე თქმით, გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია ორ მხარეს შორის მომავალი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისათვის.

ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მათი კერძო სექტორით დაინტერესება საქართველოს მიმართ ძალიან მაღალია.  "საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარის დავით საგანელიძის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვს გააზრებული რამდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი შეიძლება გახდეს ჩინეთი ჩვენი ქვეყისათვის. ეს არის დიდი ბაზარი და თანამედროვე ტექნოლოგიები და დღევანდელი ღონისძიება სწორედ ერთ-ერთი ნაბიჯია ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად.  დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შედეგს ერთ-ორ წელიწადში დავინახავთ და "საპარტნიორო ფონდი" იქნება ერთ-ერთი მონაწილე იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩინური მხარის მიერ იქნება წარმოდგენილი.

ჩინეთის ელჩმა იუე პინმა კი იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე მხარეები გამართავენ ერთობლივ კომისიის სხდომას თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. "სწორედ ამ კომისიის სხდომაზე მხარეები ოფიციალურად გამოაცხადებენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას," – განაცხადა იუე პინმა. მისივე თქმით, ჩინეთში ამჟამად ყველაზე დიდი ინტერესი არის წითელი ღვინოების მიმართ. გასულ წელს ჩინეთმა 1 800 000 000 ბოთლი ღვინო მოიხმარა. ასე რომ, საქართველოსთვის ჩინეთი მნიშვნელოვანი ბაზარია და იგი მიესალმება ჩინეთში ქართული ღვინოების მოცულობის რაოდენობის გაზრდას. ელჩმა დასძინა, რომ ახლახან სიძიანის გამოფენაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა ჩინეთთან ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ჩინეთში 1 650 000 ბოთლი ღვინო შევა.