ევროკავშირის ლიდერები ლტოლვილთა მიღების ცენტრებში დამატებით 100 000 ადგილის შექმნაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე, ლტოლვილთა მიღების ცენტრებში დამატებით 100 000 ადგილის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.

როგორც სამიტის კომუნიკეშია ნათქვამი, შესაბამის თანხებს ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვთირების ბანკი და ევროსაბჭოს განვითარების ბანკი გამოყოფენ. 17-პუნქტიანი გეგმის თანახმად, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში სლოვენიაში, რომელიც მიგრანტებისთვის ერთ-ერთი ძირითადი სატრანზიტო მარშრუტია, 400 მესაზღვრე გაემგზარება. ევროპულ სასაზღვრო სააგენტო "ფრონქტესს" კი, საბერძნეთის, მაკედონიის, ალბანეთისა და სერბეთის საზღვრების დაცვის გაძლიერება დაევალება.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციის საკითხზე ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში გაცვლიან.  თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ "მიუღებელია, როცა თანამედროვე ევროპაში, უამინდობის პირობებში ადამიანები ღია ცისქვეშ ათენებენ".