"დროის მეფე", რომელმაც დრო დაიმორჩილა

დევიდ ალენი თბილისში და მისი ბესტსელერი ქართულად

"დროის მეფე" გვასწავლის, რომ თუკი ჩვენს გონებაში თავმოყრილი აზრების დალაგებას შევძლებთ და ერთ საქმეზე ვიქნებით კონცენტრირებული, დღე გაცილებით ნაყოფიერად ჩაივლის და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის მეტი ხალისი და ენერგია შეგვრჩება. დევიდ ალენის ბესტსელერი გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ქართულ ენაზე გამოსცა. გარდა ამისა, ის, ვინც ყველაზე უკეთ იცის, როგორ უნდა მართოს დრო ეფექტურად, როგორ გააკეთოს საქმე სრულყოფილად მინიმალურ ვადაში და რაც მთავარია, ზედმეტი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, ახალგახსნილ სასტუმრო "ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგში", თბილისში," 350-კაციანი აუდიტორიის წინაშე წარდგება.

დევიდ ალენს ჩატარებული აქვს ასეულობით საჯარო მასტერკლასი, სადაც ის აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ახალი მეთოდით მუშაობას ასწავლის. Time Lord-ის მსმენელები ამბობენ, რომ მისი მასტერკლასები და მეთოდოლოგია სასწაულებს ახდენს, რომლის დანერგვის შემდეგაც კომპანიებისა და კონკრეტული ადამიანების პროდუქტიულობა მკვეთრად იზრდება.

გუგა კობახიძე, ღონისძიების ორგანიზატორი: "დღეს ქართულ ენაზე გამოცემული ბიზნესლიტერატურა დეფიციტია. პირველად სწორედ გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დაიწყო ამ სახის ლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეალურად არსებობს ამის საჭიროება. ყველას არა აქვს შესაძლებლობა, მისთვის საინტერესო თემაზე წიგნები სხვადასხვა ენაზე წაიკითხოს, მათ შორის ბიზნესლიტერატურა. ახლა კი "პალიტრა L"-ის რამდენიმე ბიზნესგამოცემას კიდევ ერთი შეემატა - დევიდ ალენის "საქმესთან გამკლავების ხელოვნება", სადაც დაინტერესებული მკითხველი მისთვის ბევრ საინტერესოსა და სასარგებლო ნიუანსს ამოიკითხავს. რამდენჯერ მოგისმენიათ, ადამიანები წუწუნებენ იმის გამო, რომ დრო არ ჰყოფნით და რაღაც შეუსრულებელი აუცილებლად რჩებათ. არის იმის მაგალითებიც, როცა დროში გაწერილი პროცესების დაგეგმვაც კი არ ხდება და შესაბამისად, არ იციან, როგორ­ და­ რა უნდა გაკეთდეს. გამომდინარე აქედან, დღის, კვირის ან თვის შეჯამებისას აღმოჩნდება ხოლმე, რომ შრომის ნაყოფიერება საკმაოდ დაბალია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ დევიდ ალენის მასტერკლასი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება დამსწრე საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. საჯარო ლექციის გარდა, დევიდ ალენის ქართულ ენაზე გამოცემული წიგნიც ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ უფრო პროდუქტიულები გახდეთ, კარგად დაგეგმოთ და მართოთ პროცესები და ყველაზე ძვირფასი - დრო. ალენის თეორია, ფაქტობრივად, ნებისმიერი ქვეყნის რეალობას შეიძლება მოარგო".

სოფო საყევარიშვილი, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მარკეტინგის მენეჯერი:

"გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა, ქართულ ენაზე ეთარგმნა და გამოეცა დევიდ ალენის ბესტსელერი - "საქმესთან გამკლავების ხელოვნება" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონიანი ტირაჟით იყიდება და ის საინტერესოა როგორც ტოპმენეჯერებისთვის, ასევე რიგითი ადამიანებისთვის. დევიდ ალენის ეს წიგნი პროექტ "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცა­. ეს უკვე მეხუთე ბიზნესგამოცემაა, რომელიც ქართულ ენაზე გამოდის. ამავე პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა გაყიდვების გურუს, ბრაიან თრეისის "შეჭამე ბაყაყი", "გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი", ბობ ნელსონის "მართვა მარტივად" და მაქს მესმერის "სამუშაოს ძებნა მარტივად". ფაქტია, ინტერესი დიდია ბიზნესტრენინგების მიმართ, ამიტომ გადავწყვიტეთ, "ლურჯი ოკეანე"" გაფართოებულიყო და ბიზნესლიტერატურის გარდა უფრო ფართო მისიის მატარებელი გამხდარიყო. ამ ეტაპზე პროექტი "ლურჯი ოკეანე" ბიზნესლიტერატურასა და ტრენინგცენტრს აერთიანებს და მომავალში არაერთ ცნობილ ტრენერს ჩამოიყვანს".

ეკა მაჩიტიძე, წიგნის მთარგმნელი: "რჩევები, რომელიც დევიდ ალენის ამ წიგნშია მოცემული, ბევრი ადამიანისთვის სასარგებლო იქნება. ვწუწუნებთ, რომ დრო არა გვაქვს, რაღაც სულ გაუკეთებელი გვრჩება და ხშირად არც კი ვინიშნავთ დღიურში შესასრულებელ საქმეებს. ყველაფერი გენიალური მარტივია და ეს წიგნიც ბევრ ასეთ მარტივ, მაგრამ გენიალურ რჩევას შეიცავს. ბევრი ისეთი რჩევაა, რომლის გათვალისწინებითაც შესაძლოა გაიიოლო ცხოვრება. როცა რაღაცას ვერ ასწრებ, ე.ი. სადღაც დროს ფლანგავ, ეს წიგნი კი დროის ფასსა და მის სწორად გამოყენებას გვასწავლის".

რამდენიმე ოქროს რჩევა "დროის მეფისგან"

"დააფიქსირე პოტენციურად მნიშვნელოვანი საკითხები".

"დაიწყე საქმეებით, რომლებსაც ყველაზე ნაკლები დრო სჭირდება".

"რთულად შესასრულებლებისთვის განსაზღვრე დღის კონკრეტული მონაკვეთის რამდენიმე საათი".

"განსაზღვრე, მათთან დაკავშირებით კონკრეტულად რის გაკეთებას აპირებ".

"გადახედე შენს შედეგებს შესრულებული სამუშაოს ყველა ეტაპზე".

ემა ტუხიაშვილი

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"