"ფრესკოში" ყოველდღე ჰიმნს დაუკრავენ

სუპერმარკეტების ქსელის "ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

თუ გვახსოვს, საიდან ამდენი ზიზღი, გაუტანლობა, ერთმანეთის მტრობა, ეს ყველაფერი დღეს იმ დოზითაა, რაც ჩემი აზრით აუცილებლად გამოიწვევს საქართველოში შიდა დაპირისპირებას. ყველაფერი ეს კი აბსოლუტურ კოლაფსამდე მიიყვანს ჩვენს ეკონომიკას.

რა ინვესტიციებზე, რა ახალ სამუშაო ადგილების შექმნაზე, წინსვლაზე და განვითარებაზე შეიძლება საუბარი თუ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდება.

„ფრესკო“ ყველასთვისაა. შიგნით ”ფრესკოში” სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების, ნაციონალობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები მუშაობენ და არაფერი ხელს არ უშლის მათ იმეგობრონ, ერთ გუნდად იყვნენ და ერთად აშენონ და შექმნან „ფრესკო“ თქვენთვის და თავისთვის.

„ფრესკო“ ხალხის ერთი პატარა ნაწილია, იმ ხალხის, რომელიც ერთადერთი ძალაა ამ ქვეყანაში და არ არსებობს არც პირველი, არც მეორე და არც მესამე ძალა. ამ ძალის ნება მხოლოდ კანონით დანიშნულ დროს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გამოიხატოს.

აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დაწყებული ამა წლის 1 ნოემბრიდან, ჩვენი კომპანიის ყველა სუპერმარკეტში ყოველ დღე 21:00 საათზე, გავაჟღეროთ საქართველოს ჰიმნი, როგორც შეხსენება ყოველივე ზემოთ თქმულის, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები და არ ჩამოყალიბდება მთავრობა.

გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ ინიციატივას, რომელიც გამოხატავს ჩვენს საერთო გულისტკივილს.

„....თავისუფლებას დიდება !“

„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“ - გვახსოვს?

„პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა“ - გვახსოვს?

„არა იპარო“ - გვახსოვს?

„არა ცილისწამო მოყვასსა შენსა“ - გვახსოვს?

„არა კაც კლა“ - გვახსოვს?

P.S. თუ ვინმეს ჰგონია რომ მე ვასილ სოფრომაძეს ვინმეზე ნაკლები ტემპერამენტით შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი, ან საერთოდ მაწუხებს ეს აზრი ვინმესთვის მოსაწონი იქნება თუ არა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩემს ძარღვებში სისხლის მაგივრად წყალია, ძალიან ცდება, უბრალოდ, მე მთელი ჩემი შეგრძნებით და გამოცდილებით ვიცი, ახლა ყველაზე მეტად ქვეყანას თავისუფალი მედია, სიმშვიდე და სტაბილიზაცია სჭირდება.