"როგორ ვებრძოლოთ წარუმატებლობას" - დავით კენჭაძე

ალბათ დამეთანხმებით, რომ წარუმატებლობა, ადამიანში ერთგვარი შიშის გამომწვევ სიტყვებს განეკუთვნება. როგორ იქცევიან წარუმატებელი ადამიანები?

მათთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისება პრობლემების გამომწვევი მიზეზის სხვაზე გადაბრალებაა, ან სხვადასხვა არგუმენტებით საკუთარი თავის და შეცდომების გამართლება. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც თვითონ აღიარებს, რომ არ არის წარმატებული, თვლის, რომ ცხოვრებაში დიდს ვერაფერს მიაღწევს და უბრალოდ, ცხოვრობს ყოველდღიურობით. ასეთი ადამიანების უმეტესობას არ აქვს გრძელვადიანი მიზანი და არ იცის, თუ რა უნდა აკეთოს მომავალში. მომავალთან და ხედვასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, როგორც წესი, მათი პასუხი არის შემდეგი: „რა ვიცი, რამე გამოჩნდება“. ესეთი ადამიანები ხშირად იძახიან, რომ მათ არ უმართლებთ და სხვა ადამიანის შეფასებისას, ხშირ შემთხვევაში, მიიჩნევენ, რომ ამ უკანასკნელს უბრალოდ მეტად უმართლებს და მარტივად უგულებელყოფენ მათ მიერ „შეფასებული“ ადამიანის სხვადასხვა დადებით თვისებებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ასე არ იქცევიან.

თვლით, რომ ასეთი ადამიანი ხართ? მაშინ აუცილებლად დაგაინტერესებთ, თუ რისი გაკეთებაა საჭირო სიტუაციის გამოსასწორებლად.

პირველ რიგში, საჭიროა მონდომება, უბრალოდ, უნდა გინდოდეთ თქვენი ცხოვრების შეცვლა. ვერ ცვლით ცხოვრებას? ესე იგი საკმარისად არ გინდათ ან ელემენტარულად, ამ ყველაფერზე არასდროს არ გიფიქრიათ. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ თქვენი ფიქრების ცვლილებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მთლიანად თქვენი ცხოვრება. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს, ოღონდ დასმულ შეკითხვას გაეცით ალალი პასუხი. რატომ გამოსდის რაღაც სხვას და არ გამოგდით თქვენ? გაარკვიეთ მიზეზი და იმოქმედეთ. ყველაზე ცუდი სენი სწორედ რომ უმოქმედობაა, თუ თქვენ არაფერს არ აკეთებთ წინსვლისთვის, მაშინ თქვენ განიცდით რეგრესს, სხვა სიტყვებით, ცდილობთ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვას. ამიტომ დღესვე მიიღეთ გადაწყვეტილება, გაანალიზეთ რა გსურთ და დაიწყეთ მოქმედება. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, მით უფრო ადრე მიაღწევთ უკეთეს შედეგებს. ნუ დაავადდებით ქართველთა უმეტესობისათვის დამახასიათებელი სენით და ნუ იქნებით სულსწრაფები, არ არის აუცილებელი ყველა პრობლემის ერთ დღეში მოგვარება. დინჯი ნაბიჯებით დაიწყეთ თქვენი ცხოვრების შეცვლა ყველა მიმართულებით და ბოლოს, როგორც ჩემს არაერთ სტატიაში მითქვამს, იმისათის, რომ შეცვალოთ თვენი ცხოვრება და მიაღწიოთ წარმატებას, განსაკუთრებით იმუშავეთ სამი ყველაზე მნიშნველოვანი მიმართულებით - განათლების მიღება, გამოცდილების გაღრმავება და პიროვნული თვისებების მუდმივი გაუმჯობესება.

თუ იტყვით, რომ თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ, თუ არ დაიხევთ უკან და გააკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, მაშინ თქვენი ცხოვრება აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ და თქვენ სამუდამოდ დადგებით წარმატების გზაზე.

წყარო