საქართველოს უნივერსიტეტებში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი  Fab Lab-ები გაიხსნება

თბილისის მერიის სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ინიციატივითა და დაფინანსებით პირველი "ბიზნეს-ინკუბატორი" მალე ამუშავდება.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი Fab Lab-ები საქართველოს ტექნიკურ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებში გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსის მოადგილეს, შოთა საღრიშვილს ესაუბრა.

- ბატონო შოთა, რას გულისხმობს ახალი Fab Lab-ები და როდის გაიხსნება ისინი?

- Fab Lab - ეს არის სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორია, რომლისკენაც დღევანდელი სამრეწველო ინდუსტრია მიდის. ეს არის უახლესი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია. "ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა" ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიქმნა ეს ლაბორატორია.

ტექნიკურ უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ლაბორატორიის გახსნას 5 ნოემბერს ვგეგმავთ, მეორე ლაბორატორია კი, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მესამე სართულზე განთავსდება. ორივე ლაბორატორია უახლესი ტექნიკით იქნება აღუჭვილი, აქ იქნება 3D პრინტერები, 3D სკანერები და სხვა აპარატურა, რისი დახმარებითაც მსურველებს საშუალება ექნებათ, შექმნან მათთვის სასურველი პროდუქტი.

- უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რის გაკეთებას შეძლებენ მსურველებს ახალ Fab Lab-ში?

- ამ ახალი, ინოვაციური ლაბორატორიების საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ნივთების დამზადება, კვლევების ჩატარება, მაკეტების შექმნა და უამრავი სხვა საინტერესო სამუშაო. მაგალითად, სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო დეკორაციული მაგიდების, დეკორაციული ინტერიერის, თუ ექსტერიერის შერჩევა. ამ ლაბორატორიებში ყველაფრის მოდელინგის გაკეთება იქნება შესაძლებელი, აგრეთვე კულტურულ ძეგლებზე არსებული დაზიანებების შეკეთება. უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, დაუზიანებლად აღმოიფხვრას კონკრეტული ლოკალური ხარვეზები. აღნიშნულ ლაბორატორიაში შესაძლებელია, ასევე, შეიქმნას სხვადასხვა მონუმენტების მაკეტები შესაბამისი სიზუსტით და ეს იძლევა საშუალებას, დაკვირვებები განხორციელდეს მოდელებსა და არა უშუალოდ ისტორიულ მონუმენტებზე. აგრეთვე, მნიშვნელოვანია აღნიშნული ლაბორატორია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სხვადასხვა კომპონენტებით, სხვადასხვა დეტალების და მოწყობილობების შესაქმნელად. უშუალოდ ეს ლაბორატორია კრეატიული ადამიანებისთვის არის. ეს მათ საშუალებას აძლევს, იმოქმედონ, მოახდინონ თავიანთი იდეების რეალიზაცია, შექმნან ისეთი მოდელები, რომელიც საინტერესო იქნება მეწარმეებისთვის. ეს ლაბორატორიები მნიშვნელოვანია დასაქმების კუთხითაც, რადგან ამ ლაბორატორიას აქვს კომპონენტი ბიზნესინკუბაცია. აღნიშნული ლაბორატორია, ასევე, მიზნად ისახავს ბიზნეს ტრენინგებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ლაბორატორიის. აქ მოსულ ადამიანებს გაეწევათ კონსულტაციები ბიზნესის განვითარების კუთხით. ამ მხრივ გვაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებთან, რომლებიც მაღალ კომპეტენტურ დონეზე განახორციელებენ ბიზნეს კონსალტინგს.

- ვის შეეძლება ამ ლაბორატორიით სარგებლობა და როგორ მოხდება მსურველებისთვის ინფორმაციის მიწოდება?

- ამ ლაბორატორიით სარგებლობა შეეძლება ნებისმიერ მსურველს. ლაბორატორიას აქვს ონლაინ აპლიკაციის ფორმა, რომელიც პრეზენტაციის შემდეგ განთავსებული იქნება ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, შეავსოს აპლიკაციის ფორმა, სადაც არის ველები შესავსები, მათ შორის არის იდეის აღწერა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ლაბორატორიის მენეჯმენტი უზრუნველყოფს მათ შესაბამის სიაში ჩასმას და გაეგზავნებათ შეტყობინება, რომ ამა და ამ დროს შეეძლებათ ლაბორატორიით სარგებლობა.

პირველი ლაბორატორიის გახსნის შემდეგ, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს, ჩვენ ვაპირებთ "ჰაკატონის" მოწყობას. ეს იქნება კონკურსი, რომელშიც მოწვეული იქნებიან სტუდენტები, მოქალაქეები, დაინტერესებული პირები და მათ საშუალება ექნებათ, თბილისის განვითარების კუთხით თავისი იდეები წარადგინონ. კონკურსის თემა იქნება - "თბილისი მომავლის ქალაქია."

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც კერძო პირებს, ასევე ჯგუფს, რომლებიც ერთობლივად იმუშავებენ ახალ ლაბორატორიაში.

კონკურსის მონაწილეებს აქვთ სამუშაო სივრცე, ოთახები, კომპიუტერები და აქვთ ყველანაირი აღჭურვილობა, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ თბილისისთვის ახალი პროდუქტების შესაქმნელად. შესაძლებელია აპლიკაციაც კი წარმოადგინონ, რომელიც თბილისის მოსახლეობას ცხოვრებას გაუუმჯობესებს და რაღაც ახალს შესთავაზებს.

მსგავსი ტიპის ღონისძიებები დაიგეგმება პერიოდულად. "ჰაკატონს" განვახორციელებთ ტექნიკურ უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე თსუ-ში.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ახალი ბიზნეს სტარტაპების შექმნას. შესაძლებელია შეიქმნას ახალ იდეებზე დაფუძნებული ბიზნესები.

- რა სახის იდეების განხორციელების შესაძლებლობა ექნებათ მსურველებს?

- მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი მიმართულების პროდუქტი შექმნან. ეს არ იქნება სერიული პროდუქტი, ეს იქნება მოდელები. მაგალითად, ჩვენ ამჟამად ყურადღება გვაქვს გამახვილებული მუნიციპალიტეტის კუთხით, რადგან ჩვენ მერიის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი ვართ, ჩვენი არეალი არის თბილისი და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება. შესაძლებელი იქნება დასუფთავების ტექნიკური ხელსაწყოების ნაწილების გაკეთება, ასევე ინფრასტრუქტურის კუთხით ქუჩის სკვერების, ამა თუ იმ უბნის მაკეტების გაკეთება. თითოეული დანადგარი უზრუნველყოფილია SOFT მხარდაჭერით, მათ აქვთ პროგრამირებული უზრუნველყოფა. ასევე შესაძლებელია სკოლებისთვის, ბაღებისთვის სხვადასხვა ნივთების შექმნა, კონკრეტულად რაიმე ინოვაციური ნივთების შექმნა. ძალიან ფართო სპექტრია, რადგან უახლესი ტექნოლოგიაა და ძალიან საინტერესოა. ადრინდელი დიდი ინდუსტრიული საწარმოები ჩაბარდა ისტორიას და ახლა მსგავსი ტიპის spin off მცირე ტიპის ლაბორატორიებში იქმნება ახალ-ახალი პროდუქცია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ იქნება ახალი სტრატაპები ახალი ბიზნესები შეიძლება შეიქმნას კონკრეტულ იდეაზე დაფუძნებული. დიდი ხელშეწყობაა დასაქმების კუთხითაც. აქ რამდენიმეწევრიან ჯგუფებს შეუძლიათ, იმუშაონ ამა თუ იმ პროდუქტის შექმნაზე და შემდეგ უკვე მათ აქვთ გარკვეული ხედვები და ბიზნეს კონსალტინგის მეშვეობით ხელს ვუწყობთ, რომ მოახდინონ თავიანთი იდეის მიწოდება ვენჩერულ კაპილატზე. აი, მაგალითად არის ასეთი ვენჩერული კაპიტალი, რომლებიც მსგავსი ტიპის ლაბორატორიებში მიდიან და ეძებენ იდეებს, ეძებენ კრეატიულად მოაზროვნე ადამიანებს და სწორედ ამ სივრცეს ვუქმნით ჩვენ თბილისის მოქალაქეებს.

თეა ბითაძე