ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 327.1 მლნ ლარით (2.1 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე სექტემბერში სესხების მოცულობის ზრდამ 1.2 პროცენტი შეადგინა) და 2015 წლის პირველი ოქტომბრისათვის 15.7 მლრდ ლარს მიაღწია.

ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.6 მლნ ლარით (1.6 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 237.6 მლნ ლარით (2.4 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.9 პროცენტით გაიზარდა). რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.8 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.0 მლრდ ლარის (3.2 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი.

2015 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.5 პროცენტით ანუ 102.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 7.1 მლრდ ლარს გადააჭარბა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ამ მაჩვენებლის ზრდამ სექტემბერში 0.8 პროცენტი შეადგინა). მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.87 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.68 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.07 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.