ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს

ზუგდიდში კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5"-ის განხორციელების მიზნით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს ხელი. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტისათვის ADB-ი დაახლოებით, 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რომლითაც 2016-2019 წლებში, ქალაქ ზუგდიდში, კანალიზაციის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდება, მათ შორის, კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა და მესტიაში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (MRDI) და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია (UWSCG) განახორციელებს.  დღესვე საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს შორის საპროექტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტს ხელი მოაწერს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ.

"საქართველოში 2011-2019 წლებში ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროექტების დასაფინანსებლად საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2011 წელს ხელი მოეწერა "ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის" დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებას (FFA) 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სესხზე. პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის გასაუმჯობესებლად პროექტების განხორციელებას ქვეყნის 7 ტურისტულ ცენტრსა და მსხვილ ურბანულ დასახლებაში (მესტია, ანაკლია, ქუთაისი, ფოთი, ურეკი, ზუგდიდი, მარნეული).

FFA-ის ფარგლებში ამჟამად მიმდინარეობს 4 პროექტი ჯამურად დაახლოებით, 326 მლნ აშშ დოლარის ოდენობით:

I პროექტი: მესტიაში და ანაკლიაში წყალმომარაგების სათავე ნაგებობების მშენებლობა, წყალმომარაგების სისტემების ნაწილობრივ მშენებლობა-რეაბილიტაცია ქუთაისსა (I ფაზა) და ფოთში. ურეკის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების ნაწილობრივი მშენებლობა;

II პროექტი: ანაკლიასა და მესტიაში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია;

III პროექტი: ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და ურეკში წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა;

IV პროექტი: ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ფოთში კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.