პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა

სფერო, რომელსაც ერთი შეხედვით, არც დამსაქმებელი ჰყავს და არც მაკონტროლებელი, მაგრამ ჰყავს თვითდასაქმებულები, რომლებიც გამოიმუშავებენ თანხას, თავად ადგენენ სამუშაო გრაფიკსა და წესებს. ისინი არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებული.

მათი ცნობა ადვილია - სალათისფერი ან სტაფილოსფერი, სინათლისამრეკლი ზოლებით ჟილეტზე, მანქანის გასაჩერებელ ადგილებთან დგანან და მძღოლებს პარკირებისთვის ადგილის პოვნასა და მანქანის გაჩერებაში ეხმარებიან. ზოგს აღიზიანებს მათი გამოჩენა და მათ მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს, ზოგი კი პირიქით, დახმარებას სთხოვს, როცა პარკირება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს, როგორც წესი, "სტაიანშიკებს" ეძახიან. თუმცა საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს მათი "პროფესია", ვინ არის მათი დამსაქმებელი და რამდენია ამ ადამიანების შემოსავალი დღის განმავლობაში?

მერაბ მიქიაშვილი 58 წლისაა. უკვე ორი წელია, ამ საქმით არის დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს ბპნ-თან საუბრისას, 40 წელი მძღოლად მუშაობდა. ახლა სხვა შემოსავალი არ აქვს და იძულებულია "სტაიანშიკობით" ირჩინოს თავი. მისივე თქმით, მანქანის გასაჩერებელი ექვსი ადგილი აქვს ჩაბარებული. დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე პეკინის ქუჩაზე დგას და 50 თეთრის სანაცვლოდ მძღოლების დახმარებას ცდილობს.

"ზოგი მადლობასაც არ ამბობს, მანქანის მინასაც არ ჩამოწევენ ხოლმე და ისე მიდიან. ყველაზე დიდი თანხა, რაც გადაუხდიათ, 1 ლარია", - ამბობს მერაბ მიქიაშვილი.

პასუხი არ აქვს შეკითხვაზე – ვინ განსაზღვრა პარკირების ადგილების რაოდენობა, რომელსაც ის კურირებს. ამბობს, რომ პეკინის ქუჩაზე მანქანის გასაჩერებელი ექვსივე ადგილი წინამორბედისგან ერგო ისევე, როგორც 56 წლის დავით ბუჯიაშვილს.

დავით ბუჯიაშვილი "სტაიანშიკობით" თითქმის სამი წელია ირჩენს თავს. საპენსიო ასაკამდე ჯერ შორია, ამიტომ თავის გასატანად შემოსავალი სჭირდება. პროფესიით ისიც მძღოლია და რადგან ასაკის გამო სამსახურის შოვნა უკვე უჭირს, პარკირებაზე მუშაობა გადაწყვიტა. დილის 10-11 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, დღეში 10- 15 ლარს შოულობს.

"ერთხელ მოხდა, როცა სომხეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა 10 ლარი გადაიხადეს. ასეთი რამ შეიძლება წელიწადში ერთხელ მოხდეს", - ამბობს დავით ბუჯიაშვილი.

დავით ბუჯიაშვილისგან განსხვავებით, დღეში მხოლოდ 5 ლარამდე გამოიმუშავებს შოთა შონაძე, რომელიც 55 წლის არის და უკვე 12-13 წელია ამ საქმით არის დაკავებული. როგორც თავად ამბობს, პენსიონერ დედასთან ერთად ცხოვრობს. მათი შემოსავალი დედის პენსია და პარკირების დროს მძღოლების დახმარებით ნაშოვნი ფულია.

"ყოფილა შემთხვევა, 5 თეთრი გადაუხდია მძღოლს. ხალხს ფული აღარ აქვს და ვერ დაავალდებულებ. ზოგჯერ მძღოლი თვითონ გვეძახის. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის იხდიან, მაგრამ ბევრს არა", - ამბობს შოთა შონაძე.

როგორც პარკირებაში მძღოლების დამხმარეები ამბობენ, ერთმანეთში კონფლიქტი თითქმის არასდროს აქვთ, რადგან უკვე განსაზღვრულია, ვის რამდენი მანქანის ადგილი აქვს ჩაბარებული. თუმცა, არავინ იცის, ვინ განსაზღვრა ადგილები, ან ამაზე პასუხის გაცემა არ სურთ. სტაფილოსფერ ან სალათისფერ ჟილეტებს, როგორც თავად ამბობენ, საკუთარი სახსრებით ყიდულობენ. მიუხედავად იმისა, რომ სამუშო გრაფიკს არავინ უდგენთ, იშვიათად ისვენებენ, რადგან მათი მთავარი მოტივაცია "პურის ფულის" გამომუშავებაა, ამიტომ საქმის ცოტა ხნით მიტოვებაც კი უკვე მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგის ტოლფასია.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ამ ადამიანების საქმიანობა მერიის მიერ არ კონტროლდება. ასევე არანაირი შეხება არ აქვს ამ საქმიანობას "სი-თი პარკთან". როგორც "სი-თი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლევან ტაბიძე აღნიშნავს, კომპანიას არ აქვს არანაირი ბერკეტი ან უფლებამოსილება, რომ პარკირებაში დამხმარე ადამიანების საქმიანობა გააკონტროლოს. მაგრამ საინტერესო ის ფაქტია, რომ მთელი თბილისის მასშტაბით, მანქანის გასაჩერებელი ადგილები, ძირითადად,"სი-თი" პარკს ეკუთვნის და ამ ადგილებში მანქანის გაჩერების უფლების მისაღებად თითოეული მძღოლი გარკვეულ თანხას იხდის. "სტაიანშიკები" სწორედ იმ ტერიტორიაზე დგანან, სადაც პარკირებისთვის საფასური მძღოლს უკვე გადახდილი აქვს.

ქართული რეალობის გათვალიწინებით, სადაც მოწყალების სათხოვნელად გამოსულ ადამიანებსაც კი არაფორმალური მაკონტროლებლები ჰყავთ, საეჭვოა პარკირებაში დამხმარე ადამიანების დამოუკიდებელი საქმიანობა. თუმცა, თავად ამ ადამიანების მიმართ პრეტენზიების საფუძველი, რეალურად არ არსებობს: მათი დახმარებით სარგებლობა ნებაყოფლობითია და მძღოლს შეუძლია დამოუკიდებლადაც გააჩეროს მანქანა და "სტაიანშიკს" არაფერი გადაუხადოს.

თამარ კორკოტაშვილი