შსს-ში არასამთავრობოებს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის პროექტი წარუდგინეს

შს სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებს საგზაო უსაფრთხოების პროგრამის პროექტი წარუდგინეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრის მოადგილეებმა - არჩილ თალაკვაძემ, შალვა ხუციშვილმა და სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გააცნეს. 

სამინისტროს განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიღება ქვეყანაში საგზაო მოძრაობის სფეროში არსებული ვითარების გაუმჯობესების აუცილებლობით და სწორად განვითარების უზრუნველყოფითაა განპირობებული. "საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციის შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კანონპროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით წამოწყებული პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს", - აცხადებენ სამინისტროში.