"ზამთრის კურორტები ძალიან მომგებიანია და ამ ბიზნესით უნდა დავკავდეთ"

5 დეკემბრიდან ზამთრის კურორტებზე სეზონი გოდერძის კურორტიდან გაიხსნება. 13 დეკემბრიდან კი, ზამთრის აქტიური კურორტების რიცხვს გუდაური და ბაკურიანიც შეემატება.

bpn დაინტერესდა, არის თუ არა ქვეყნის ეკონომიკისთვის ზამთრის კურორტები მომგებიანი და ტურიტული პოტენციალის სრულად ათვისების შემთხვევაში, რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია საქართველოს? ამ თემასთან დაკავშირებით ტურიზმის ექსპერტ ნიკა კვარაცხელიას ვესაუბრეთ. მისი თქმით, ზამთრის კურორტები ძალიან მომგებიანია, ვინაიდან ზამთარში დასვენება ძვირი სიამოვნებაა.

„ზამთარში ორი კვირით დასვენება, ზაფხულში ორი თვით დასვენების ტოლფასია. თხილამურები, საბაგირო გზები, გათბობა, საჭირო აღჭურვილობა - ეს ყველაფერი დიდი თანხებთან არის დაკავშირებული. ზაფხულში კი დამსვენებლები ზღვაზე ერთი ჩანთით მიდიან. ძალიან დიდი ფული შემოაქვს სამივლინებო ტურიზმს. მივლინებისას ტურისტები ზამთრის კურორტებზე დღეში 200 დოლარამდე ხარჯავენ. ზაფხულის კურორტებზე კი ჩვეულებრივი ტურისტის ხარჯი 50 დოლარიდან 100 დოლარამდე მერყეობს დღეში. მაგალითად, გუდაურში 800 ევრო ღირს თვითმრინავის დაქირავება ერთი დღით, მთის მწვერვალიდან გაუკვალავ თოვლში რომ დაეშვათ და ისრიალოთ. მაღალი ფასის მიუხედავად, მოთხოვნა მაღალია. ნოემბერში თუ არ ჩაეწერე, სეზონზე ამ სერვისით სარგებლობა ფაქტობრივად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ზამთრის კურორტები ძალიან მომგებიანია და ამ ბიზნესით უნდა დავკავდეთ“, - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, კარგი ინფრასტრუქტურის შემთხვევაშიც კი საქართველოში ტურისტების რაოდენობა 10 მილიონს ვერ გადააჭარბებს. “ტურიზმი ექსპორტი ტევად დარგებს მიეკუთვნება. ნორმალური საზღვაო კურორტები რომ გვქონდეს, სოხუმისა და გაგრის ჩათვლით, ტურისტების რაოდენობა გაცილებით გაიზრდებოდა. ტურისტების დათვლა ხშირად არ ხდება სწორად, რადგან ითვლიან იმ ვიზიტორებსაც, რომლებიც ჩვენთან ღამეს არ ათევენ. ჩვენ გვყავს ტურისტები ჩამოტარებით, ისე გადიან საქართველოდან, რომ ბორჯომის მონახულებასაც ვერ ასწრებენ და ამას ჰქვია ტურისტი?! ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვანია თანხა, ვიდრე ტურისტების რაოდენობა. რომ ამბობენ, წელიწადში 5 მილიონი ტურისტი შემოდისო და ამ დროს ტურიზმიდან მიღებული თანხა მილიარდ 700 000 ლარს შეადგენს, რა აზრი აქვს ასეთი ტურისტების რაოდენობას?! მაშინ როცა ამ თანხის შემოტანა მილიონ ტურისტსაც შუძლია,“ - განუცხადა bpn-ს ტურიზმის ექსპერტმა ნიკა კვარაცხელიამ.

თიკო გურაშვილი