ძველებური შეტევა ლარზე

ლარის კურსი კვლავ დაცემის გზას დაადგა და საკმაოდ სწრაფადაც უფასურდება. მთავრობაში მთავარ მიზეზად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ასახელებენ და ვალუტაზე ეკონომიკურ წნეხს გამორიცხავენ. ფაქტი კი ისაა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის პერიოდში ლარი მყარდებოდა, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სააგენტოს გაჩერების შემდგომ კვლავ გაუფასურება დაიწყო.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა გამუდმებით უფასურდება და ცოცვა-ცოცვით კვლავ კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა.

დაახლოებით ამ მეთოდით ეცემოდა კურსი აგვისტოს შუა რიცხვებიდან მოყოლებული და ისტორიულ მაქსიმუმსაც მიუახლოვდა. ამ დროს კი რეგიონში ყველა მეზობელი ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებაში სტაბილურია ან მცირედით მყარდება. რა სჭირს ქართულ ლარს, ამის ასხნა სპეციალისტებს ისევ უჭირთ. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ იმპორტი, ექსპორტთან შედარებით, 100 მილიონი დოლარით შემცირდა და ამ პროცესმა უარყოფითი დეფიციტი დააბალანსა. შესაბამისად, სამინისტროში ვალუტის გაუფასურებაში ეკონომიკურ ფაქტორებს გამორიცხავენ და ლარის დევალვაციას მთლიანად ფსიქოლოგიურ წნეხს მიაწერენ. თუმცა, როგორ უნდა მოიხსნას ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამის ახსნა არ არსებობს.

ეკონომისტების აზრით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერება შეცდომა იყო. საზოგადოების დიდი ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის ქმედებას პოლიტიზირებულად მიიჩნევს და მის მიმართ ნდობა არ აქვს. შესაბამისად, ლარის კურსისა და ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, რაც უფრო გამჭირვალე იქნებოდა, ეს მოსახლეობის ფსიქოლოგიურ განწყობაზე უფრო დადებით გავლენას მოახდენდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედების პირველივე დღის საღამოს 9-ის ნახევარზე კანცელარიაში გიორგი ქადაგიძე და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები დაიბარეს. გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ კურსზე პასუხისმგებლობას ისიც იღებდა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად მის ხელთ არსებულ მონეტარულ ბერკეტებს გამოიყენებდა. მეორე დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაზარს ამ რაოდენობის თანხა არ სჭირდებოდა და მხოლოდ 27 მილიონ დოლარამდე ვალუტა გაიყიდა. გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც და ლარმა გამყარება დაიწყო. სავალუტო ბაზარზე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2,37-ლარიან ნიშნულზე ჩამოვიდა და "ბლუმბერგის" პლატფორმაზე გაცილებით ოპტიმისტური ტენდენცია იკვეთებოდა. ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობის გაჩერების შემდეგ ლარი მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებდა სტაბილურობას და ისევ გაუფასურების გზას დაადგა.

გადაწყვეტილების მიღებამდე საკონსტიტუციო სასამართლომ მოწმეებად მიიწვია ისევ გიორგი ქადაგიძე და თავისუფალ და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესსკოლის დეკანი გიგა ბედინეიშვილი. სასამართლომ სწორედ ამ ადამიანების არგუმენტების საფუძველზე მიიღო სააგენტოს შეჩერების გადაწყვეტილება. ეკონომისტების ნაწილისთვის აბსოლუტურად გაუგებარი აღმოჩნდა ამ სააგენტოს ამოქმედებით სასამართლოს მიერ დანახული "აპოკალიფსური" სურათი. ასევე გაუგებარია, მოწმის სახით რატომ მოუსმინეს სააგენტოს შექმნის მოწინააღმდეგე მხარეებს და არ დაინტერესდნენ ნეიტრალური ეკონომისტების მოსაზრებებით.

ეკონომისტი მიხეილ დუნდუა აღნიშნავს, რომ ფინანსური ზედამხედველობის სამსახური ცენტრალური ბანკებისგან დამოუკიდებლად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საქმიანობს და იმ ქვეყნების ეკონომიკა არ დაქცეულა. პირიქით, ეს ქვეყნები - ავსტრია, ესტონეთი, გერმანია, დანია, იაპონია, ესპანეთი, კანადა - ასეთი მოდელის შექმნას უფრო გამართლებულად მიიჩნევენ. "საკონსტიტუციო სასამარლთომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს საქმიანობა ისე გააჩერა, რომ სამოტივაციო წერილიც კი არ გამოუქვეყნებია. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ამგვარი მოდელი, ეს კაცობრიობისთვის ახალი მოვლენა არ არის. მსოფლიოს წარმატებულ ქვეყნებში ზოგს ცალკე აქვს, ზოგს ცენტრალურ ბანკთან ერთად. რატომ გააჩერა სააგენტოს საქმიანობა, ამის არგუმენტირებული საფუძველი არ ჩანს", - ამბობს მიხეილ დუნდუა. საქმიანობის უფრო მეტად გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი არ ასრულებს სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს და არ აქვეყნებს ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს. "ჩვენ არ ვიცით იკრიბება თუ არა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ ან საერთოდ შეიქმნა თუ არა ეს კომიტეტი, ამის შესახებ ინფორმაცია არ მოიძებნება", - აღნიშანვს დუნდუა.

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის ქმედება კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არაადეკვატური იყო, ვინაიდან სებ-ი თავის მქმედებებით არათუ აფერხებდა კურსის ვარდნას, არამედ ხელს უწყობდა.

იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ხშირ შემთხვევაში კურსზე სპეკულაციური გარიგებებიც ახდენდა გავლენას, რისი მაგალითებიც მსოფლიოში უამრავია. "კურსის მასშტაბური გაუფასურება, ძირითადად, პიროვნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომაც, ასეთ რეალობაში ზედამხედველობის სააგენტოს ამოქმედება და ინფორმაციის განაწილება როგორც გამჭვირვალობის, ისე ნდობის ხარისხს ზრდიდა", - ამბობს ვაჟა კაპანაძე და აღნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისთვის მიწოდებული ლარი დოლარში კონვერტირდება და კურსზე დამატებით წნეხს აჩენს. "ზედამხედველობის სამსახურის უშუალო ფუნქციაა ბანკების ლიკვიდურობის დონის განსაზღვრა, მენეჯმენტის შეფასება, აუდიტი და ა. შ. ამ სექტორში პოლიტიკას ისევ ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, რომ სპეკულაციური გარიგებები რამდენიმე კომერციულ ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის შეთანხმებით მიმდინარეობს. საერთოდ, იქნებ ვინმემ ახსნას, რას აკეთებს ეროვნული ბანკი", - ამბობს ვაჟა კაპანაძე და აღნიშნავს, რომ ლარმა დაკარგა დაგროვებისა და ანგარიშსწორების ფუნქცია. "დოლარიზაციის მაჩვენებელი 65%-ია, ეს ქვეყნის დაქცევას ნიშნავს და ამ პროცესის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა არაფერი გააკეთა. მაინტერესებს, ქადაგიძეს თუ ესმის, რა არის მისი ფუნქცია? გამოიკვეთება რაღაც პოზიტიური ტენდენცია და მაშინვე ძირში კლავს," - ამბობს ვაჟა კაპანაძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მოკლე დროში მიიღებს.

მისი თქმით, ლარის კრუსის გაუფასურებაზე შიდა და გარე ეკონომიკური ფაქტორები ამოწურულია, ხოლო გაუფასურების მიზეზების გასაანალიზებლად ხელისუფლებას დეტალურად ინფორმაციასთან წვდომა ისევ არ აქვს. "იმედია, საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დროულად მიიღებს",- ამბობს მეჭიაური.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი გადაწყვეტილება მინიმუმ 4 თვეში და მაქსიმუმ 11 თვეში უნდა მიიღოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი გოცირიძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 22-ე მუხლში აღნიშნულია, რომ სარჩელის განხილვა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს და ეს პროცესი შეიძლება კიდევ 2 თვით გაგრძელდეს, ანუ მაქსიმალური ვადა 11 თვეა. თუკი საქმეს პრიორიტეტული მიენიჭა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერდიქტი 4 თვის ვადაშიც შეიძლება გამოიტანოს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"