მსოფლიოს საუკეთესო რეპუტაციის მქონე ქალაქად სიდნეი დასახელდა

ავსტრალიის ქალაქი სიდნეი მსოფლიო ქალაქებს შორის საუკეთესო რეპუტაციის მქონედ დასახელდა.

ბოსტონში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია Reputation Institute (RI)-ის მიერ შედგენილი „საუკეთესო რეპუტაციის მქონე ქალაქების“ რეიტინგი სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ადაპტირებული ეკონომიკა, მიმზიდველი გარემო და ეფექტური მმართველობა. RI-ის მენეჯერის ფერნანდო პრადოს განცხადებით, ჩამონათვალი ნათლად ასახავს იმ ქალაქებს, რომლის მონახულებაც სურთ ადამიანებს და რომლებიც საუკეთესოა ინვესტირებისთვის.

მიმდინარე წლის რეიტინგში მეორე პოზიცია ერგო კიდევ ერთ ავსტრალიურ ქალაქ - მელბურნს, რომელსაც მოჰყვება შვედური სტოკჰოლმი, ავსტრიის დედაქალაქი ვენა და კანადის ქალაქი ვანკუვერი. ათეულში ასევე მოხვდნენ ბარსელონა, ედინბურგი, ჟენევა, კოპენჰაგენი და ვენეცია. ხოლო ისეთი პოპულარული ქალაქები, როგორიცაა ტოკიო, ნიუ იორკი, პარიზი, რომი და ლონდონი ათეულს მიღმა დარჩნენ, თუმცა მათი ადგილი რეიტინგში სხვადასხვა პოზიციებზე მოიძებნა.

ასეულის ბოლო საფეხურებზე აღმოჩნდა თელ-ავივი, კარაკასი, კიევი, ქაირო, მეხიკო, ბოგოტა, ნაირობი, მოსკოვი, თეირანი და ბოლო ადგილზე ბაღდადი.

Reputation Institute-მა რეიტინგი წელს მეხუთედ გამოაქვეყნა.

კოკა კვირკველია