საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტი გაიზარდა

უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში რძის ფხვნილის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს რძის ფხვნილის იმპორტმა 18 063 აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს რძის ფხვნილის იმპორტის თანხობრივი მაჩვენებელი 17 433 აშშ დოლარი, 2012 წელს კი - 12 727 აშშ დოლარი იყო.

რძის ფხვნილის ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები 2014 წლის მონაცემების მიხედვით, უკრაინა, ლიტვა, ირანი და ბელგიაა. 2014 წელს საქართველოში რძის ფხვნილის იმპორტმა უკრაინიდან 37%, ლიტვიდან - 15%, ირანიდან - 11%, ბელგიიდან - 7% ხოლო დანარჩენი ქვეყნებიდან - 30% შეადგინა.

2010 წელს საქართველოში 588 მილიონი ლიტრი რძე აწარმოეს. 2011 წელს საქართველოში წარმოებულმა რძემ 582 მილიონი ლიტრი, 2012 წელს - 590 მილიონი ლიტრი, ხოლო 2013 წელს 605 მილიონი ლიტრი შეადგინა. იმერეთის რეგიონში წარმოებულ რძეზე მთლიანი წარმოების 21%, ქვემო ქართლის რეგიონზე - 17%, სამეგრელოს რეგიონზე - 15%, ხოლო სხვა რეგიონებზე - 47% მოდის.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რძის წარმოების მნიშვნელოვანი წილი (99,7%) ოჯახურ მეურნეობებს უკავია. ფურების სულადობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მაგრამ დაბალია პროდუქტიულობა, პრობლემას წარმოადგენს რძის შემგროვებელი პუნქტების სიმცირეც.

სამინისტროსვე ინფორმაციით, რძის გადამამუშავებელ სექტორში აუცილებელია ინფრასტრუქტურის (რძის ჩამბარებელი პუნქტები, მისი საწარმოები) განვითარება და ამ სფეროში ფერმერთა ჩართულობის უზრუნველყოფა. ასევე, მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარება, რის საფუძველზეც ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ, საკუთარ მეურნეობებში არსებული პირუტყვის სულადობა ჯიშიანი (მაღალპროდუქტიული) მოზარდით ჩაანაცვლონ. აუცილებლობას წარმოადგენს სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების მეთოდების დანერგვა და საკვებწარმოების განვითარება.

ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც პირობით გათვლებს ეყრდნობა და 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული, ასე გამოიყურება: 100 მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე (მერძეული) საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 891 000 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე-4 წელია, რენტაბელობის შიდა ნორმა ( 8 წელი) კი - 24%.

შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში რძის პროდუქტების გარდა თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ატმის, ხურმის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, კიტრის, თაფლის, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.

თამარ კორკოტაშვილი