საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას გიორგი ქადაგიძე დაესწრება

საერთაშორისო სავაჭრო პალატა დღეს მე-10 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას გამართავს, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრება.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრება და საკონსულტაციო საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართავს. შეხვედრა 2015 წლის მონეტარული პოლიტიკის მიმოხილვასა და 2016 წლის ეკონომიკური პროგნოზის გაანალიზებას, აგრეთვე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმის მოკლე მიმოხილვას დაეთმობა. გარდა ამისა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ისაუბრებს ბიზნეს კლიმატისა და ინვესტორთა საბჭოსთან განვითარებული მოვლენების თაობაზე. საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე, საერთაშორისო სავაჭრო პალატა წარადგენს ICCommerce-ის მეხუთე გამოცემას.

კომპანია "არკალოჯისტიკის" მხარდაჭერით, საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაიმართება ოფიციალური მიღება, რომელსაც დაესწრება 150-ზე მეტი წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი, პოლიტიკური პარტიის წევრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ICC-ის ახალგაზრდული პროექტის წევრები.

საკონსულტაციო საბჭოში რვა ელჩი, სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმდჯომარეები შედიან. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნესორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნესორგანიზაციასა და 12 000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნესორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.