ოთარ დანელიამ 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა

დღევანდელი მონაცემებით, 143 167 ტონა ყურძენი გადამუშავდა, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა 2015 წლის რთველის შედეგები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ყურძნის რეალიზაციის შედეგად საერთო თანხამ 102 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.  "პრაქტიკულად ეს გახლავთ ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ისტორიული მაქსიმუმი. მომავალ წელს, ალბათ, კიდევ უფრო გაზრდილი ციფრი გვექნება, რადგან დარგი ტენდენციურად მზარდია", - განაცხადა ოთარ დანელიამ.  მისივე ინფორმაციით, ღვინის საწარმოებში ყურძენი ჩააბარა 18 000-ზე მეტმა მევენახემ. კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 141 000 ტონაზე მეტი ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს, აქ გადამუშავდა 1 500 ტონამდე ყურძენი, მათ შორის 1 325 ტონა - ალექსანდროული და მუჯურეთული. სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლოების შემოსავლებმა 6,6 მილიონი ლარი შეადგინა. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ რაჭაში ერთ კილოგრამ ყურძენზე დაფიქსირდა ფასი 5 ლარი, რაც, მისივე შეფასებით, მისასალმებელია, რადგან მაღალმთიან რეგიონს სტიმული და მოტივაცია ესაჭიროება.

ოთარ დანელიამ რთველის პროცესში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა სამინისტროს გუნდს, ასევე შს სამინისტროს, სხვადასხვა უწყებას და ადგილობრივ ხელისუფლებას.