გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში საინვესტიციო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საინვესტიციო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი ორი ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ პოტენციალს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებისა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედების შემდგომ, საქართველოში არსებულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გარემოს შეაფასებს. გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე, რომელსაც ორგანიზაციის გენერალური მდივანი რაინერ ლინდრენი წარუძღვება, მინისტრი რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე ისაუბრებს. გაიმართება გერმანიის საშუალო ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპის გაერთიანების თავმჯდომარე მარკუს პელზნერი წარუძღვება.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრებს გამართავს გერმანელ კოლეგასთან, გერმანის ფედერალური კანცლერის ოფისში, ბუნდესტაგსა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. განხილული იქნება საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმდინარეობა. გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გერმანიაში 28-29 ოქტომბერს გასტანს. ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობასა და ორი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის მაღალ დონეზე მიმდინარე დიალოგის გაგრძელებას წარმოადგენს.