დავით საგანელიძე: ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო მოკლე დროში უნდა ამოქმედდეს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო მოკლე დროში უნდა ამოქმედდეს.

როგორც დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ამჟამად სწორედ საპარტნიორო ფონდის ქვეშ ყალიბდება.  "ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სააგენტო, იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის განვითარება, თუნდაც ამ ბოლო მოვლენებმა ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ეს დაგვანახა. თუმცა, ანალოგიურად მნიშვნელოვანი და აუცილებელია იმპორტის ჩანაცვლების ხელშეწყობა", - განაცხადა საგანელიძემ.

რაც შეეხება ვადებს, როდის ამოქმედდება ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, საგანელიძემ აღნიშნა, რომ ეს უნდა გაკეთდეს ძალიან მოკლე დროში. "თუმცა, დაჩქარებით შეიძლება რამე გარკვეული ხარვეზები იყოს დაშვებული. ამიტომ შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადებში ძალიან სწრაფად უნდა ამუშავდეს", - განაცხადა საგანელიძემ.