მსოფლიო ბანკი - საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2016 წელს 3%-ს შეადგენს

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 2% იქნება, მომავალ წელს კი მშპ-ის ზრდა 3%-ს შეადგენს.

როგორც მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გლობალურ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მიმდინარე წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეკონომიკის 1,4%-ით, 2016 წელს კი 1,8%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.

„ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი ჯერაც ვერ მოძლიერდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომი ეფექტებისგან და რეგიონის ნაწილი მწვავე გამოწვევებს აწყდება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სირილ მილერმა.

მისივე თქმით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს დიდი დარტყმა მიადგა სასაქონლო პროდუქტებისა და ნავთობის ფასის შემცირების გამო.

„რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკური მდგრადობისა და მტკიცე ზრდისთვის, მნიშვნელოვანია „ახალ რეალობასთან“ შეგუება, რომელიც გამოწვეულია ნავთობის დაბალი ფასით, გაცვლითი კურსის მოქნილობასა და ჯანსაღი ბიზნესის კლიმატის შექმნასთან ერთად“, - აღნიშნავს სირილ მილერი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთში 2015 წელს, წინა წელთან შედარებით (1,5%), მცირედი ეკონომიკური ზრდა - 1,9% იქნება, სამხრეთ ევროპაში - 1,3%, ცენტრალურ ევროპაში - 3,3%, ხოლო ევროპის აღმოსავლეთ ნაწილში ეკონომიკური ზრდა წელს 0,9%-ით შემცირდება.