იაპონიის და პოლონეთის საელჩოები საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დაეხმარებიან

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კამილიელთა ფსიქო-სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის ცენტრში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი თიხის სახელოსნო და სენსორული ინტეგრაციის ოთახი იხსნება.

პროექტი დაფინანსებულია იაპონიის (90 000$) და პოლონეთის (43 000€) საელჩოების მიერ. „მსგავსი მასშტაბის სერვისები საქართველოში არ არსებობს: პროექტის ფარგლებში თიხის სახელოსნო გაიხსნა: „კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში“, „გორის ინვალიდთა კლუბში" და შავშვებში დევნილთა დასახლებაში. დავამონტაჟეთ უახლესი დონის კერამიკული ღუმელები. გარდა იმისა, რომ პაციენტები დაეუფლებიან თიხის დამუშავების ხელობას, მას ფსიქოლოგიური და ფიზიკური თერაპიის დატვირთვაც ექნება. რაც შეეხება სენსორული ინტეგრაციის ოთახს, ის სრულად დაგეგმარებულია ევროპული სტანდარტების დაცვით და აღჭურვილია თანამედროვე და მრავალფეროვანი ინვენტარით. ტექნოლოგიები და მუშაობის მეთოდები რომ აგვეთვისებინა, კამილიელთა ორდენმა სპეციალისტები საგანგებოდ პოლონეთიდან მოიწვია“, - აცხადებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კობა კაბოსნიძე.

ამავე დღეს იგეგმება ორგანიზაციის იტალიელი მეგობრების პროექტის ფარგლებში შექმნილი შშმ პირების საცხოვრებლის (სახლის) მოდელის პრეზენტაცია. „ეს არის შშმ პირის საცხოვრებელი სახლის მოდელი, რომლშიც ყველა სივრცე (საძინებელი, სამზარეული, სველი წერტილი) მოწყობილია და ადაპტირებულია ისე, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირის დამოუკიდებელი ცხოვრება“, - აღნიშნავს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

ახალი პროექტების პრეზენტაცია კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრში 28 ოქტომბერს, 12 საათზე მოეწყობა. ღონისძიებას იაპონიისა და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ტოშიო კაიტანი და ანჟეი ჩიეშკოვსკი, იტალიისა დ ვატიკანის საელჩოების, ასევე ჯანდაცვისა და თავდაცვის სამინისტროს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.