ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სამტრედიასა და ზესტაფონში განახლებული სერვისცენტრები გახსნა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა დღეს სამტრედიასა და ზესტაფონში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული სერვისცენტრები გახსნა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი მონაწილეობდა. უწყების ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურმა მოქმედი სერვისცენტრები, გადასახადის გადამხდელთა სამეწარმეო საქმიანობის გაუმჯობესების, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გამარტივებისა და, ასევე, მაქსიმალურად ინფორმაციული და კომფორტული გარემოს შექმნის მიზნით განაახლა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვა.

"განახლებულ სერვისცენტრებში მოწყობილია კომფორტული მოსაცდელი დარბაზები. ინფრასტრუქტურა მორგებულია თითოეული გადასახადის გადამხდელის, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირების მომსახურებაზე. გარდა ამისა, გადასახადის გადამხდელებს საშუალება აქვთ, გამოიყენონ სერვისცენტრის თავისუფალი ინტერნეტსივრცე და შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისებით ისარგებლონ. სერვისცენტრები ფუნქციონირებს "ერთი ფანჯრის" პრინციპით, რაც ხელს უწყობს გადასახადის გადამხდელთა ხარიასხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, სერვისცენტრებში განთავსებულია საბანკო დაწესებულების წარმომადგენლობა, სადაც შესაძლებელია გადასახადის გადახდა და სხვა საბანკო მომსახურების ადგილზე მიღება. ამასთან, მომსახურების სერვისცენტრებში გადამხდელს საშუალება აქვს, წარადგინოს და პასუხი მიიღოს 200-ზე მეტ ელექტრონულ განაცხადზე. მათ შორის, განახორციელოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის პროცედურები; მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საგადასახადო საკითხებზე; მოითხოვოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეღავათები; მიიღოს სხვადასხვა სახის ცნობები; მოითხოვოს ეკონომიკური საქმიანობისთვის საჭირო ფორმები.