"საქართველოს ფოსტის" ბოლო წლების საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს "საქართველოს ფოსტის" ბოლო წლების საქმიანობისა და შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით,  მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საფოსტო სფეროს მნიშვნელობაზე ისაუბრა კავშირების დამყარების, წარმოებისა და ვაჭრობის განვითარების კუთხით.  როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2013 წელს ფოსტის დარგში და შპს "საქართველოს ფოსტაში" დაიწყო ინოვაციური განვითარებისა და სრულყოფის კომპლექსური სამუშაოები, განხორციელდა კომპანიის სრული რებრენდინგი, შეიქმნა ახალი პროდუქტები და მოხდა კომპანიის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია.  "ასევე სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას ემსახურება მსოფლიო საფოსტო კავშირის ექსპერტების, სამინისტროსა და შპს "საქართველოს ფოსტის" მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული საქართველოს ფოსტის სფეროს რეფორმისა და განვითარების სამწლიანი კომპლექსური გეგმა (2015-2017წწ), რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის განხილული და მოწონებული. ამის პარალელურად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ფოსტის სფეროში მისაღები საკანონმდებლო-ნორმატული აქტების შესამუშავებლად, რომლებიც მოიცავს საერთაშორისო აქტების, საუკეთესო გამოცდილებისა და ქვეყნის წინაშე მდგომი ამოცანების გათვალისწინებით ფოსტის სფეროს ფუნქციონირების, სრულყოფისა და განვითარების ყველა ძირითად საკითხებს", - აღნიშნა თავის გამოსვლაში დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა იტვირთოს საფოსტო სფერომ, რათა საქართველო ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრად გადაიქცეს.  "მინდა აღვნიშნო, რომ სამი წლის მანძილზე "საქართველოს ფოსტაში" მნიშვნელოვანი წინსვლაა - დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფითა და იმ სერვისებით, რომლებიც მუდმივად განახლებადია. ჩვენ სტუმრად გვყავს Posteurop-ის გენერალური მდივანი, რომელმაც გაგვიზიარა თავისი გამოცდილება, თუ როგორ ვითარდება ახლა და როგორ ვითარდებოდა ევროპაში ფოსტის სფერო. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც ახლა არის ევროპაში, ასევე საფოსტო ოპერატორების პრივატიზების ნაწილზე, იმ ახალ სერვისებზე, რომლებიც საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე ინერგება და უნდა დაინერგოს საქართველოში. "საქართველოს ფოსტა" არის ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სერვისები, რომელსაც ეს კომპანია აწვდის ჩვენს მოქალაქეებს, ყოველდღიურად გაუმჯობესდება", - განუცხადა ჟურნალისტებს ქუმსიშვილმა.

"საქართველოს ფოსტის" საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ წარადგინა. მისი შეფასებით, ლიბერალიზაცია, კომერციალიზაცია და ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მომსახურების შეთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის არის ის უმთავრესი მიმართულებები, რისკენაც "საქართველოს ფოსტა" მიისწრაფვის.  "ორი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებთან შედარებით ვართ მეორე ადგილზე მათ შორის, ვინც საუკეთესოდ შეძლო მოკლე ვადაში ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რაც საბოლოო ჯამში აისახება ჩვენს მომხმარებელზე. ეს საშუალებას გვაძლევს იგივე სტანდარტებით მოვემსახუროთ ჩვენ მოქალაქეებს, როგორი სტანდარტებითაც მომსახურებას იღებს დღეს ევროპის მოსახლეობა", - აღნიშნა ლევან ჩიკვაიძემ.

"საქართველოს ფოსტის" საქმიანობის პრეზენტაციას და სემინარს, რომელიც საგამოფენო ცენტ "ექსპო ჯორჯიაში" ჩატარდა, დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად PostEurop-ის გენერალური მდივანი ბოტონდ ჟებენი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, ასევე ბიზნესმენები, ფოსტის სფეროს წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.