ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში სამი საავადმყოფოს მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა

ავსტრიულმა კომპანიამ თბილისში სამი საავადმყოფოს - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, მმართველობაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. ამის შესახებ "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ტენდერი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული უცხოური კომპანიის დახმარებით იყო გამოცხადებული, დასრულებულია.

"თავიდან სამი კომპანია იყო დაინტერესებული. ეს იყო ერთი ავსტრიული, ერთი კანადური და ერთი ქართული კომპანია. საბოლოო ჯამში სრული დოკუმენტაცია ვადებში წარმოადგინა ავსტრიულმა კომპანიამ და ახლა იხილება ამ კომპანიის წინადადება. შესაბამისად, ალბათ ამის მერე გამოცხადდება, თუ რა იქნება მეორე ეტაპი, რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ და რა ვალდებულებები ექნება მას. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა საქართველოში ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების. ის სამი დიდი ცენტრი, როგორიცაა რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიის ცენტრი და ბავშვთა ინფექციური, მათი აღდგენა-რეაბილიტაცია, კადრების გადამზადება, ახალი სამედიცინო ტექნიკით აღჭურვა წაადგება ქვეყანას და ჯანდაცვის სფეროს", - განაცხადა საგანელიძემ.