დავით საგანელიძე ვარაუდობს, რომ გარდაქმნილი საპარტნიორო ფონდი გაზაფხულზე დაიწყებს მუშაობას

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, გარდაქმნილი საპარტნიორო ფონდი სავარაუდოდ, მუშაობას გაზაფხულზე დაიწყებს. ამის შესახებ დავით საგანელიძემ ჟურნალისტებს "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს დაინახა საინტერესო გუნდი ბიზნესმენების, რომელთა ხედვა აბსოლუტურად ეთანხმება მის შეხედულებებს.  "დავინახე ის, რომ ზოგიერთ საკითხზე, რომელსაც ბოლო ხანებში წამოწევდნენ ან სკეპტიციზმი არსებობდა იმ იდეებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვაფიქსირებდით, ეს იყო კომუნიკაციის ნაკლებობის გამო. ძალიან კარგად დაინახა ბიზნესმა და განსაკუთრებით საფინანსო, კერძო სექტორმა, რომ ის განვითარების კორპორაცია, რომელიც შეიქმნება მალე საქართველოში, იქნება მათი ყველაზე ძირითადი პარტნიორი", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საპარტნიორო ფონდის რეფორმის შინაარსი, მიზნები და ამოცანები, რაც ახალ სტრუქტურას უნდა ჰქონდეს, ასევე ის მიზეზები, თუ რამ გამოიწვია აუცილებლობა ასეთი სტრუქტურის შექმნის, არც ერთი დამსწრისგან არ ყოფილა გაპროტესტებული.  "პირიქით, ყველამ თქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი, ყველამ დააფიქსირა, რომ იყო კომუნიკაციის ნაკლებობა", - განაცხადა საგანელიძემ.

მისივე განმარტებით, იქნება ის საფინანსო ინსტიტუტი თუ განვითარების კორპორაცია, ჯერჯერობით ამაზე მიდის საუბარი და განისაზღვრება, თუ როგორი სახელი იქნება საბოლოოდ და რა ფუნქციები ექნება. "ნულიდან რომ შეიქმნას, სწორი არ იქნება. ამ შემთხვევაში ორი ანალოგიური ინსტიტუტის არსებობა - ასეთი კორპორაციის და საპარტნიორო ფონდის, ქვეყანას არ სჭირდება. ამიტომ, კარგია ის ინტელექტუალური რესურსი, პროგრამები და პროექტები, რაც არსებობს, ამის ბაზაზე მოხდეს მისი გაძლიერება და გარდაქმნა განვითარების ინსტიტუტად", - განაცხადა დავით საგანელიძემ.  კითხვაზე, როდის იხილავს საზოგადოება გარდაქმნილ საპარტნიორო ფონდს, დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შეთანხმდნენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ ეს იყოს ძალიან ფორსირებულად. "ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის დაიდება კანონი ამ საფინანსო თუ განვითარების ინსტიტუტთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ალბათ გაზაფხულზე რეალურად ეს სტრუქტურა დაიწყებს მუშაობას", - აღნიშნა საგანელიძემ.