CENN-ი კოლხური ბზის გადასარჩენად ინიციატივით გამოდის

CENN-ი კოლხური ბზის გადასარჩენად ინიციატივით გამოდის. აღნიშნულთან დაკავშირებით გარემოს დაცვითი ორგანიზაციების ქსელი ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ CENN-ი, სატყეო სააგენტოსთან ერთად გეგმავს რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობას ბზის გამრავლების მიზნით. "კოლხური ბზა, რომელიც "წითელ წიგნშია" შეტანილი, გადაშენების პირასაა. "ბზის სიდამწვრის" სახელით ცნობილი სოკოვანი დაავადებისა და საშიში მავნებლის – ბზის ალურას მასობრივი გავრცელების გამო, უკანასკნელ წლებში ბზის ბუნებრივი კორომების უდიდესი ნაწილი სრულიად განადგურდა. მდგომარეობა საგანგაშოა და პრევენციული თუ აღდგენითი ღონისძიებების დაუყოვნებლივი გატარებაა საჭირო, რათა უნიკალური, კოლხური ტყეების ერთ-ერთი დომინანტი სახეობა გარკვეულ ტერიტორიებზე მაინც გადარჩეს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში CENN-მა ეროვნული სატყეო სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურს მიმართა თხოვნით, ბზის ჯანსაღი კორომების შესახებ ინფორმაციის მოწოდების შესახებ, სადაც შესაძლებელია კალმების აღება ბზის გამრავლების მიზნით. სატყეო სააგენტოს წარმომდგენლებმა ადგილზე გადაამოწმეს და დაადგინეს სატყეო უბნები, სადაც ბზის ჯანსაღი კორომებია შემორჩენილი. ესენია: ჩხოროწყუს სატყეო უბანი; მუხურის სამცველოს ყოფილი საკოლმეურნეო ტყე, მარტვილის სატყეო უბანი; სალხინოს სამცველო, მდინარე წაჩხურას ხეობა, კოლხეთის სატყეო უბანი; ზუგდიდის სამცველო; ჭურიის უბანი. CENN, სატყეო სააგენტოსთან ერთად, გეგმავს რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობას ბზის გამრავლების მიზნით. კერძოდ ბზის 100-100 ნერგი დაკალმდება ხეთისა და ზუგდიდის #1 საჯარო სკოლაში, ასევე ოჯალე წმინდა ნინოს დედათა მონასტერში (დაბა ჯვარი), ზუგდიდის მონასტრის ეზოს სათბურებში კი 1000 ნერგს დააკალმებენ. CENN სამუშაო ჯგუფს კონტეინერებით, სუბსტრაქტით, ზრდის სტიმულატორითა და სამუშაო იარაღებით მოამარაგებს", - ნათქვამია CENN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.